დაფინანსების გარეშე დაწყებული წარმატებული ქართული სტარტაპი

ქართული სტარტაპი Treepex 2017 წლის მაისიდან ამერიკაში, ნიუ-იორკში დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც სტარტაპის ერთ-ერთმა ავტორმა ბაჩო ხაჩიძემ „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, პარტნიორთან ლაშა კვანტალიანთან ერთად დაწყებული პროექტი ვებ და მობილური აპლიკაციის მეშვეობით, ბიზნეს კომპანიებისა და კერძო პირების ხის დარგვის პროცესში ჩართვას გულისხმობს.

„Treepex არის ინოვაციური გზა ბიზნეს კომპანიებისა და კერძო პირების ხის დარგვის პროცესში ჩასართავად. ვებ და მობილური აპლიკაციით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეარჩიოს და დარგოს ხე თავის სახელზე ან მისთვის საყვარელ ადამიანს აჩუქოს. ხის შეძენის საშუალებას თავად აპლიკაცია იძლევა, რის შემდეგაც Treepex-ს მსოფლიო რუკაზე დაიტანება ხის ფოტო, მისი ზუსტი გეოგრაფიული ლოკაცია მომხმარებლის სახელით, გვარითა და იმ კომპანიის სახელით, რომელმაც ხის დარგვას მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია თვალი ადევნოს თუ როგორ გაიზარდა ხე, რამდენი ჟანგბადი გამოყო, რამდენი ნახშიროჟანგი შთანთქა და ასე შემდეგ,“ -ამბობს ხაჩიძე.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც უკვე 5 ათასამდე ხე დაირგო, 1 წლის წინ დაიწყო. ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით ხეები ბორჯომის სატყეო ტერიტორიასა და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე დაირგო. Treepex-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ თბილისის ეროვნული პარკთანაც, რომლის ფარგლებში დედაქალაქის ტერიტორიაზეც მოხდება ხეების დარგვა.

„ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიდის და ფაქტობრივად,  Treepex-ის აპლიკაციით უკვე შესაძლებელია ხეების დარგვა აფრიკაში, ტანზანიასა და ამაზონის ტყეში. რაც შეეხება ფასს - 1 ხის დარგვა 7 დოლარი ჯდება (ექვივალენტი ლარებში). ფასი ხის სახეობასა და ლოკაციაზეა დამოკიდებული. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად ორი ჯიშის ხე - ქართული მუხა და კავკასიური სოჭი დაირგო“, - აღნიშნავს ბაჩო ხაჩიძე.

მისივე თქმით, სტარტაპის დასაწყებად დაფინანსება არ მიუღიათ და პროექტის განხორციელება მხოლოდ საკუთარი ინტელექტუალური რესურსისა და დროის ხარჯზე შეძლეს.

„მიმდინარე წლის მაისში ნიუ-იორკში გადავბარგდებით, სადაც პროდუქტს ამერიკელ მომხმარებელს შევთავაზებთ. ამერიკაში ბაზარი და მოთხოვნა მსგავს პროდუქტზე დიდია. თუმცა, გარდა ამერიკისა, ტარგეტირებას ვგეგმავთ კიდევ ორ ქვეყანაში - გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. შესაბამისად, ჩვენი ლოგო 4 ქალაქში - ნიუ-იორკში, ბერლინში, ფრანკფურტსა და ლონდონში გამოჩნდება,“ – ამბობს Treepex-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

თაია არდოტელი