გურიაში „ზარას“ სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნება

ოზურგეთში ესპანური ბრენდის „ზარას“ სამკერვალო ფაბრიკა გაისნება. როგორც გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განაცხადა, სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობის დაწყებაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო თურქეთიდან ფრენები გადაიდო, ამიტომ წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოს 16 იანვარს ეწვევა. სალუქვაძის თქმით, „ზარას“ სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობისთვის ადგილი უკვე შერჩეულია. კომპანიის წარმომადგენლები ვიზიტის დროს ამ ადგილსაც მოინახულებენ, საბოლოო იურიდიულ საკითხებს განიხილავენ და მოლაპარაკებებს ოფიციალურად გააფორმებენ.

„ზარას“ საწარმო ოზურგეთში პროექტის ,,აწარმოე საქართველოში ფარგლებში" აშენდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 5,5 მილიონი ლარია.

„ზარა“ კომპანია Inditex-ის სავაჭრო ქსელია, რომელიც ესპანელ მაგნატს ამანსიო ორტეგას ეკუთვნის. ბრენდის მთავარი ოფისი ქალაქ ლა-კორუნიაში მდებარეობს, სადაც 1975 წელს პირველი მაღაზია გაიხსნა.

ასევე იხილეთ: როგორ იშოვა პირველი მილიარდი "ზარას" დამფუძნებელმა, რომელმაც კარიერა მკერავის კურიერობით დაიწყო