ჩურჩხელა ექსპორტზე ირანში გავიდა

ქართული ჩურჩხელა ექსპორტზე ირანში გავიდა. პირველი საცდელი პარტია, სხვადასხვა სახეობის 1 000 ცალი ჩურჩხელა ისპაჰანში ქართული პროდუქტების კომპანია ”გრემმა” გაიტანა. კომპანიის დამფუძნებლის გიორგი მაჩაბლის თქმით, ჩურჩხელა ფერეიდნელმა მეწარმემ თავისი ახლადგახსნილი ქართული რესტორნისთვის შეიძინა.

„ჩემი აზრით, ირანში ექსპორტი მომავალში უფრო გაიზრდება, რადგან პროდუქტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. პროდუქტის ტრანსპორტირებისათვის სპეციალური ხის ყუთები შევუკვეთეთ, რათა ჩურჩხელა გზაში არ გატყდეს. ასევე მომზადებისა და გაშრობის პროცედურებს ვიცავთ და პროდუქტს არ ვღებავთ”, - განაცხადა კომპანია ”გრემის” დაფუძნებელმა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ირანში თაფლის პირველი სატესტო პარტიაც გაიგზავნა.

გიორგი მაჩაბლის თქმით, კომპანიას თავისი პროდუქტი ექსპორტზე ყაზახეთში, რუსეთსა და უკრაინაში უკვე გააქვს. ევროპისა და ბალტიის ქვეყნებში კი მცირე რაოდენობით პროდუქტის სატესტო პარტიები გაიგზავნა.

ქართული ნატურალური პროდუქტების კომპანია ”გრემმა” 2 თვის წინ დაიწყო ფუნქციონირება. კომპანია მურაბებს, ჯონჯოლს, აჯიკას, სვანურ მარილს, თაფლსა და სხვა 15-მდე სახის პროდუქტს აწარმოებს.

თათია ახვლედიანი

Georgian Churchkhela exported to Iran