პრემიერი ამბროლაურში საოჯახო სასტუმროს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში, საოჯახო სასტუმრო "შატო დიოში" იმყოფებოდა. 

სასტუმრომ სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 10 ათასამდე ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, საოჯახო სასტუმროს მფლობელი, ამხანაგობა "დიო" აღნიშნული თანხით საოჯახო მეღვინეობის ბიზნესს განავითარებს.

როგორც ამხანაგობის დამფუძნებლებმა პრემიერ-მინისტრთან საუბრისას განაცხადეს, მიღებული გრანტით შეიძინეს ყველა ინვენტარი, რომელიც წარმოებადობის გაზრდის საშუალებას მისცემთ.

”ამხანაგობა "დიო" სამომავლოდ, წარმოებული ღვინის ექსპორტსაც გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა მათ წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინებისა და მეწარმეობის განვითარებისთვის ძალისხმევას არ იშურებს”, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამბროლაურში დღეიდან ფუნქციონირებს აეროპორტი, რომელიც ტურისტების რაოდენობის ზრდას, დასაქმებას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, "შატო დიოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, სოფლის მურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.