„ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს

ბრიტანული „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ პირველად საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად, საბაკალავრო პროგრამის - ბიზნეს ადმინისტრირება-ფინანსების განხორციელებას იწყებს.

საბაკალავრო პროგრამის - ბიზნეს ადმინისტრირება-ფინანსების მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება ფინანსების მიმართულებით და ერთი პროგრამის ფარგლებში მოიპოვონ ორი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ,,ოქსფროდ ბრუკსის უნივერსიტეტის’’ საერთაშორისო ბრიტანული დიპლომი.

პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტებს BTU მიანიჭებს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფინანსებში, ხოლო ,,ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი’’ - ბაკალავრის ხარისხს გამოყენებით ფინანსებში. პროგრამის კურსის საფასური პირველი ნაკადისთვის 6 950 ლარია.

,,ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საკუთარ სტუდენტებს სთავაზობს საქართველოსთვის სრულიად ახალ პროგრამას ბიზნეს ადმინისტრირება ფინანსებში. ამ მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტს ჩვენთან საშუალება ექნება, ქვეყნიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ზედმეტი ხარჯის გაწევის გარეშე, ისწავლოს მსოფლიოს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში და მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული ბრიტანული დიპლომი, რაც მასი შემდგომი დასაქმების გარანტი იქნება’’ - აღნიშნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა პროგრამაზე საუბრის დროს.

,,ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტისა’’ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფინანსური პროგრამა ხორციელდება საერთაშორისოდ აღიარებული ACCA სტანდარტების შესაბამისად და კურსდამთავრებულს საშუალებას აძლევს გახდეს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი კადრი მსოფლიო დასაქმების ბაზარზე.

პროგრამაში ასევე bpnჩართულები არიან მსოფლიოში ლიდერი აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ სპეციალისტები, რომლებიც გარდა სწავლებისა, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, მენტორობას გაუწევენ სტუდენტებს სწავლის პირველივე დღიდან. სასწავლო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესორები.

,,ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი’’ 1865 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა და დღეს ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტს წარმოადგენს სწავლებისა და კვლევის ხარისხის, სტუდენტთა კმაყოფილებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მხრივ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება ოთხშაბათს, 18 იანვარს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცეში, პრეზენტაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრებიან.

ეწვიეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ვებგვერდს: http://www.btu.ge/