ბოთლის ღვინის ჩანთები და კორეული კოსმეტიკა - დუბაიდან ჩამოსული ცოლ-ქმრის ბიზნესი საქართველოში

ვიქტორ და ანა რაზუმოვები საქართველოში დუბაიდან საცხოვრებლად ხუთი თვის წინ ჩამოვიდნენ. დროის ეს მცირე პერიოდი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ წყვილს ჩვენს ქვეყანაში საკუთარი ბიზნესი წამოეწყო. ახლა ცოლ-ქმარი საქართველოში უკვე წარმატებით უძღვება ორ ბიზნესს - კომპანია Tiki Wine Bags, რომელიც ყიდის უმაღლესი ხარისხის ჩანთებს ბოთლის ღვინის უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის და koreanshop.ge-ს - კორეული კოსმეტიკის ონლაინ მაღაზიას.

ვიქტორი და ანა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სამი წელი ცხოვრობდნენ. ანა ნავთობპროდუქტების მიმართულებით კონსულტანტი იყო, ვიქტორი კი ბიზნესანალიტიკოსი.

”დუბაიში ჩემი ოფისი დაიხურა და ბასრაში, ერაყში გადავიდა. მე და ანამ ჩავთვალეთ, რომ ეს კარგი მიზეზი იყო საკუთარი ბიზნესაქმიანობის დასაწყებად და ერაყში წასვლაზე უარი ვთქვით. ჩვენს ახალ ლოკაციად საქართველო ავირჩიეთ და ვფიქრობ, რომ ეს საუკეთესო არჩევანი იყო. მიზეზი კი რამდენიმეა: აქ მეგობრული გარემო, რბილი კლიმატი და ბევრი საინტერესო ადგილია. მეტსაც გეტყვით, ბავშვობიდან ფიროსმანის განსაკუთრებული მოყვარული ვარ,” – აღნიშნა 25 წლის ვიქტორ რაზუმოვმა ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში.

საქართველოში ჩამოსვლამდე წყვილმა კარგად შეისწავლა ქვეყანა და ბიზნესსაქმიანობის სფეროებიც საკუთარი ინტერესებისა და ქვეყნის ტრადიციებიდან გამომდინარე შეარჩია.

”საქართველო ღვინის სამშობლოა და ყველა ტურისტს აქედან ღვინო მიაქვს. ამ დროს უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოთლის გატეხვის ალბათობა მაღალია. მოგზაურები ბოთლის შეფუთვის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ, ხშირად ტანსაცმელშიც კი ახვევენ, რადგან ამ დრომდე ქართულ ბაზარზე შეფუთვის კარგი საშუალება არ არსებობდა. სწორედ ამიტომ მისი შეთავაზება ჩვენ გადავწყვიტეთ”, - განმარტა ვიქტორ რაზუმოვმა.

29 წლის ანა რაზუმოვა კოსმეტიკის დიდი მოყვარულია და გადაწყვიტა ქართული საზოგადოებისთვის კორეული კოსმეტიკა გაეცნო. მომარაგების საკითხებს ანა თავად აგვარებს.

”კორეული კოსმეტიკა უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიო მასშტაბით, საქართველოში კი ჯერჯერობით მისი მაღაზია არაა. ამიტომ შევქმენით კორეული კოსმეტიკის ონლაინ მაღაზია”, - ამბობს ანა.

საქმიანობის პროცესში წყვილმა აღმოაჩინა, რომ საქართველოში ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების მიმართ ნდობა დაბალია. სწორედ ამიტომ მომდევნო თვეში ვაკეში კორეული კოსმეტიკის მაღაზიის გახსნას აპირებენ.

ბიზნესის წარმოების პროცესში ანა და ვიქტორი კიდევ რამდენიმე დაბრკოლებას წააწყდნენ. მათ, როგორც იმპორტიორებს, ძალიან დიდ პრობლემას უქმნის ვალუტის კურსის ცვლილება. კიდევ ერთი პრობლემა კი ვებგვერდის rs.ge შეზღუდული ინგლისური ვერსიაა.

”ჩემი აზრით, სახელმწიფო სერვისების 100 პროცენტი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინგლისურადაც. რუსულიც ძალიან საჭიროა, რადგან დღეს საქართველოში აზერბაიჯანელი ინვესტორების რაოდენობა დიდია და ისინი სწორედ რუსულად საუბრობენ. ვისურვებდი, რომ ხშირად დასმული კითხვების განყოფილება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განახლდეს. მოძველებულს გავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მოიცავს. ძალიან მომწონს pocket tax book, თუმცა 2014 წლის შემდეგ აღარ გამოსულა,” - აღნიშნა რაზუმოვმა.

წყვილს ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთადერთ მნიშვნელოვან პრობლემას ქუჩებში გიჟური მოძრაობა უქმნის. ვიქტორის თქმით, მძღოლებს ერთმანეთისა და ფეხით მოსიარულეების მიმართ პატივისცემა არ აქვთ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ხალხი ძალიან მეგობრულია.

პრობლემებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ვიქტორსა და ანას საქართველო ძალიან მოსწონთ როგორც ბიზნესის წარმოების, ისე ადამიანური ურთიერთობების კუთხით.

”საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. ბუნებაც საოცარია. აქ მთაცაა და ზღვაც. მეგობრული ხალხი და ბიზნესგარემოა. ქვეყანა ცდილობს, რომ თანამედროვე იყოს. ძალიან ბევრი კულტურული ღონისძიება ტარდება. სასიამოვნოდ გავვოცდით, როცა თბილისში ასეთი მრავალეთნიკური მოსახლეობა შეგვხვდა,” - ამბობს ანა.

ვიქტორი და ანა ერთ თვეში მშობლები გახდებიან. თუმცა ისინი კიდევ ფიქრობენ ერთ ახალ ბიზნესზე. ვიქტორის თქმით, როგორც კი შედარებით მეტი თავისუფალი დრო ექნება, საინფორმაციო ტექნოლოგიურ პროექტზე მუშაობის დაწყებას აპირებს.

ნანა მღებრიშვილი