ჩაქაფული, ხაში, პაშტეტი მზა საკვების სახით თებერვლიდან გამოჩნდება ბაზარზე

ქართული წარმოების დაკონსერვებული ჩაქაფული, ხაში, ჩაშუშული, პაშტეტი - ბაზარზე თებერვლის ბოლოს გამოჩნდება. პროდუქციის გამოშვებას კომპანია "კულა" გეგმავს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ვანო გოგლიძემ "ბიზნესპრესნიუსს" უთხრა, პროდუქტი მზა საკვების სახით, 400-500 გრამიან ქილებში იქნება.

ჩაქაფულის და ზემოთ ჩამოთვლილი საკვების გარდა, "კულა" კიდევ რამდენიმე ახალ პროდუქტს გამოუშვებს, მათ შორის ტოლმას, თევზის კონსერვს ტომატითა და ზეთით.

პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა დიდ სავაჭრო ქსელში გაიყიდება.

"გორის საკონსერვო ქარხანა კულა", რომელიც 2009 წელს დაარსდა, ხილისა და ბოსტნეულის წვენებსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციას (მურაბებს, ჯემებს, ტყემლებს, საწებლებს და ა.შ) აწარმოებს.