აჭარაში „მეფური კალმახას“ წარმოება დაიწყეს

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში რამდენიმე თვეა სოკოს საწარმო ამოქმედდა.

„მეფურ კალმახას“ აჭარაში 3 ადამიანისგან შექმნილი ამხანაგობა - „ლეგიდა“ აწარმოებს, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი ლეილა გოგიაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სოკოს მოყვანა 2016 წლის აგვისტოდან დაიწყეს.

მისივე ცნობით, ამხანაგობის ერთ-ერთ წევრს დავით ასათიანს საბერძნეთში ქალაქ სალონიკში ჰქონდა სოკოს მეურნეობასთან შეხება, რაც საქმის წამოწყებაში დაეხმარათ.

„სოკოს მოყვანა ტომრებში ხდება. კერძოდ, ნამჯაში ვთესავთ, ნამჯას კი ვხარშავთ, ვფილტრავთ, ვწურავთ, ვპრესავთ. ეს ყველაფერი საკმაოდ რთული პროცედურაა, რადგან ჯერჯერობით ყველაფერს ხელით ვაკეთებთ,“ - ამბობს გოგიაშვილი.

მისივე თქმით, კვირაში 100 კილოგრამი სოკოს მოყვანაა შესაძლებელი, თუმცა, საწარმოსთან მშენებარე მაგისტრალის სამუშაოების გამო შედარებით მცირე, თვეში 150-დან 250 კილოგრამამდე სოკოს აწარმოებენ.

„ლეგიდა“ კალმახა სოკოს რეალიზაციას ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარის მასშტაბით ახორციელებს, თუმცა გაფართოების შემდეგ გურიისა და სამეგრელოს ათვისებასაც გეგმავენ. ლეილა გოგიაშვილის თქმით, სამომავლოდ სოკოს სახლისა და სოკოს მზა კერძების დამზადებაც უნდათ.

მისივე თქმით, პროდუქტზე მოთხოვნა დიდია, თუმცა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ და სოკო მხოლოდ რამდენიმე სუპერმარკეტში შეაქვთ.

„მეფური კალმახას“ ღირებულება კილოგრამზე 5 ლარია. პროექტი 15 000 ლარით, პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა.