„თათარას“ ბრენდის ტკბილეული მომავალი თვიდან ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გავა

ადგილობრივი წარმოების, „თათარას“ ბრენდის პროდუქცია მომავალი თვიდან ექსპორტზე გავა.

როგორც საწარმოს დამფუძნებელმა დავით რამაზაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამ ეტაპზე ტკბილეულის ისრაელში ექსპორტირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მისივე ცნობით, ისრაელის გარდა პროდუქციის ექსპორტი თებერვალ-მარტიდან რუსეთში, ამერიკასა და ევროპულ ქვეყნებშიც იგეგმება.

„პროდუქციის წარმოება 2016 წლის აპრილიდან დავიწყეთ, თუმცა პროდუქტი ბაზარზე აქტიურად ივლისიდან გამოჩნდა. ეს არის ტრადიციული რეცეპტით დამზადებული თათარა, რომელიც სხვადასხვა ფორმებშია ჩამოსხმული. გვაქვს მოხალული ნიგვზით, რომელსაც გარედან კაკლის ნაჭუჭის ფორმა აქვს; მოხალული თხილით, რომელსაც თხილის ფორმა აქვს; ნუშის ფორმის „თათარა“, რომელსაც მოხალული ნუში აქვს შიგნით; მოხალული მიწის თხილისგან დამზადებული, რომელსაც მიწის თხილის ფორმა აქვს და ქიშმიშისგან დამზადებული, რომელსაც მტევნის ფორმა აქვს. ტკბილეული თეთრი და წითელი ბადაგისგან მზადდება. რაც შეეხება შეფუთვებს, გვაქვს როგორც ცალ-ცალკე თითოეული ამ სახეობის შეფუთვა, ასევე ასორტის სახით,“- აღნიშნა რამაზაშვილმა.

პროდუქციის მწარმოებელია შპს „გრეიფი“. საწარმოში, რომელიც თბილისში მდებარეობს, ამ ეტაპზე 7 ადამიანია დასაქმებული, თუმცა რაოდენობის 20-25 ადამიანამდე გაზრდა იგეგმება.

რამაზაშვილის თქმით, ტკბილეულის საჭირო ყველა ინგრედიენტის შეძენა ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მისივე ცნობით, პროდუქტი ნატურალურია და ყველანაირი მინარევების, მათ შორის შაქრის დამატების გარეშე მზადდება.