ქართველი მეღვინე ქალის წარმოებული "მანდილი" მთლიანად ექსპორტზე გადის

მარინა კურტანიძე საქართველოში პირველი ქართველი მეღვინე ქალია, რომლის ღვინოც ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა და დღეს უკვე მთლიანად ექსპორტზე გადის. მეღვინე ”ბიზნესპრესნიუსს” ღვინის წარმოების დაწყების , სირთულეებისა და მეღვინეობის ბაზარზე არსებული ტენდენციების შესახებ ესაუბრა.

მარინა კურტანიძის ოჯახს მარანი 2003 წლიდან აქვს და ღვინოს აწარმოებს. თავად მეღვინემ კი საკუთარი ღვინის წარმოების დაწყება მოგვიანებით, ერთ-ერთი რთველის დროს გადაწყვიტა:

”მეღვინეობა-მევენახეობას ჩემი მეუღლის ოჯახი ყოველთვის ეწეოდა. 2003 წელს საოჯახო მარანი გავაკეთეთ და ჩემმა მეუღლემ ღვინის წარმოება, ჩამოსხმა დაიწყო. ნელ-ნელა ამ საქმეში მთელი ოჯახი ჩავრთეთ. გავიცანით ამ სფეროს ადამიანები და გავიგეთ, რომ ევროპაში ნატურალურ მეღვინეობაში ბევრი ქალი იყო ჩართული. ამ დროიდან ვფიქრობდი, რომ მეღვინეობა მეც დამეწყო. ამ იდეას კი ხორცი 2011 წელს რთველის დროს, ჩემი მეგობრების თეა მელანაშვილისა და ანა ჭეიშვილის სტუმრობისას შეესხა. ერთობლივი ძალებით პირველი ღვინო 2012 წელს მეუღლის ნათხოვარ ქვევრში დავწურე. საქართველოში ეს იყო ქალების პირველი გამოჩენა ღვინის ბაზარზე. რა თქმა უნდა, როგორც ყველა სიახლეს მასაც ჰყავდა მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ჩემი მთავარი მხარდამჭერი და მასწავლებელი მეუღლეა. მთავარი სათქმელი კი მაინც ღვინომ თქვა. პირველივე დაგემოვნებისას ღვინომ იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მოწინააღმდეგეებიც ჩვენი მომხრეები გახდნენ”, - იხსნებს მარინა კურტანიძე.

პირველმა ქართველმა მეღვინე ქალმა თავის ღვინოს ”მანდილი” უწოდა. როგორც თავად განმარტავს, სახელწოდების შერჩევისას სურდათ, რომ ღვინის სახელი ქართველ ქალთან ასოცირებულიყო, ასევე უცხოელებისთვისაც ადვილად დასამახსოვრებელი და აღსაქმელი ყოფილიყო.

ღვინოს მანავის მწვანესგან წურავს. მარინა კურტანიძის თქმით, ეს ჯიში საოცარი არომატებით გამოირჩევა.

მიუხედავად ღვინის მცირე წარმოებისა, რომელიც 1 000 ბოთლს მოიცავს, ”მანდილი” მთლიანად გადის ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში, როგორიც საფრანგეთი, იტალია, ამერიკა, უკრაინა და პოლონეთია. როგორც მეღვინე გვეუბნება, რამდენიმე დღეში ”მანდილი” ექსპორტზე ინგლისშიც გაიგზავნება.

მარინა კურტანიძე ტურიზმითაც არის დაკავებული და ტურისტებს თავის მარანში ღვინის დაგემოვნებას სთავაზობს: ”ტურიზმი ჩვენი ოჯახის ბიზნესია, რომელიც ჩვენთან ღვინომ მოიყვანა. 2012 წლიდან ტურისტების რაოდენობა მზარდია, ჩვენ მათ ღვინის დაგემოვნებას ვთავაზობთ, მარანში მცირე ექსკურსიას ვუწყობთ და სურვილის შემთხვევაში ქართული კერძებით ვუმასპინძლდებით”, -ამბობს მეღვინე.

პირველი ქართველი ქალი მეღვინე ”ბიზნესპრესნიუსთან” თავისი წარმატებული ბიზნესის ფონზე იმ პრობლემაზე საუბრობს, რომელიც მას და მის სოფელს აწუხებს. როგორც მარინა კურტანიძე ამბობს, სოფელ ჩარდახში წყალი არ არის: ”ეს უკვე წლებია გრძელდება. ჩარდახში, სადაც მარანი გვაქვს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის მოყვარულ ტურისტებს ვმასპინძლობთ, წყალი არ არის. წლებია ღვინის წარმოებასა და ტურიზმს სოფლიდან კილომეტრებით დაშორებული 1-ტონიანი რეზერვუარიდან საკუთარი ძალებით მოზიდული წყლით ვუვლით, ეს არცთუ ისე ადვილია და ამ პრობლემას ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი ძალებით ვერ გადავჭრით”, - ამბობს მეღვინე.

ქვევრის ნატურალური ღვინის წარმოების მნიშვნელობაზე საუბრისას მარინა კურტანიძე აღნიშნავს, რომ ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებაში წვლილი, სწორედ ასეთ ღვინოს მიუძღვის: ”ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ღვინის, მცირე საოჯახო მარნებისა და მეწარმეების ხელშეწყობა. ბოლო წლებში ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ბაზარი სწორედ ამ სეგმენტმა შექმნა, რაც უცხოელებისათვის მიმზიდველია. გაჩნდა ახალი ღვინოები, ახალი გემოები, დაიწყო ძველი, თითქმის გადაშენებული ჯიშების გამრავლება და ღვინის დაყენება. ამ განახლებული სიძველისთვის უფრო მომზადებულნი სწორედ მცირე საოჯახო მარნები აღმოჩდნენ. ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ ეს მრავალფეროვნება, ქვევრები და ნატურალური წარმოებაა ის დიდი კოზირი, რამაც ქართული ღვინო მსოფლიო ღვინის ბაზარზე კიდევ უფრო მეტად უნდა გაიყვანოს”, - აღნიშნავს პირველი ქართველი მეღვინე ქალი.

ბიზნესის წამოწყებისვთის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მეღვინე საქმისადმი სიყვარულს ასახელებს და ამბობს, რომ ღვინის წარმოების დაწყება გარკვეულწილად, გაბედული და გარდამტეხი ნაბიჯიც იყო.

”იმ დროს გარემო ქალების გამოჩენისთვის უკვე მზად იყო. ახლა უკვე ახალი ქალი მეღვინეები გამოჩდნენ და კიდევ ბევრი ემზადება ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ეს თავისთავად კარგია. ქალები ჩრდილიდან გამოვიდნენ”, - ამბობს მარინა კურტანიძე.

თათია ახვლედიანი