ქართული წარმოების მილები ევროკავშირის ბაზარზე გავიდა

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ, პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, უნაკერო მილები საკუთარი ბრენდით ევროკავშირის საერთაშორისო ბაზარზე გაიტანა.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო იუწყება, ქვეყნები, სადაც უნაკერო მილები ექსპორტზე გავა, არის იტალია, გერმანია, პოლონეთი, ბულგარეთი და უნგრეთი. პირველი შეკვეთის მოცულობა 2000 ტონას შეადგენს.

ამ ეტაპზე უნაკერო მილების ექსპორტი აზერბაიჯანის, ყაზახეთის და უკვე ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება. 2017 წელს დაგეგმილია 25 000 ტონის რეალიზება და ასევე, საკუთარი ბრენდით, უნაკერო მილების ექსპორტი ამერიკისა და რუსეთის ბაზრებზე. აღნიშნული მილები გამოიყენება მაგისტრალური მილსადენების მშენებლობისთვის, თხევადი და აირადი ნივთიერებების დიდ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის, ასევე, გაზისა და ნავთობის ჭაბურღილების ექსპლუატაციის, მანქანათმშენებლობისა და ზოგადტექნიკური მიზნებისთვის. უნაკერო მილები საექსპორტო პროდუქტია, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. ქარხნის ახალი მენეჯმენტის მიზანია ინვესტიციებისა და რესტრუქტურიზაციის მთავარი პროგრამის ფარგლებში აღადგინოს ქარხანა და განავითაროს საქმიანობა რეგიონალურ და ახალ, გლობალურ ბაზრებზე. ქარხნის ხელმძღვანელობას აქვს კონკრეტული გეგმები, თუ როგორ დაიწყება ამ პროგრამის განხორციელება.