თემურ ჭყონია ნატახტარში British American Tobacco-ს ქარხნის მშენებლობას გეგმავს

თემურ ჭყონია თამბაქოს ბიზნესში აპირებს შესვლას. როგორც ბიზნესმენმა ”ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, ნატახტარში British American Tobacco-ს ქარხნის მშენებლობას გეგმავს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

”ჩვენ დიდი ხანია მათი დისტრიბუტორები ვართ და შესაძლებელია ეს თემა განხორციელდეს. მოლაპარაკება დაწყებულია. წინააღმდეგი არავინ არის. თუ ეს პროექტი განხორციელდა, British American Tobacco-ს ქარხანა ამიერკავკასიაში პირველი იქნება. შესაძლოა საქართველოში კომპანიის ცენტრალური ოფისი გადმოვიდეს, რომელიც ამიერკავკასიის ქვეყნებს მოამაგარებს და ბევრი პროექტის ოპერირება აქედან დაიწყება”, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენი ნატახტარში ასევე კოკა-კოლას ახალი ქარხნის მშებელობას იწყებს, რომელიც მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტის ინვესტიცია 10 მილიონი ევროა.

ბიზნესმენი აპრილში ბაზარზე ახალი წვენების გამოშვებასაც გეგმავს. მათ შორის იქნება ალუბლის წვენი, ვიტამინიზირებული სასმელი, ტროპიკი პალმით და ნატურალური წვენი. როგორც თემურ ჭყონიამ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, წვენები ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზეც გავა.