რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენი გამოგონების დაპატენტებისას

2016 წელს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში - საქპატენტში პატენტის გაცემაზე 268 განცხადება შევიდა. ეს რიცხვი მოიცავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ პატენტს. მათი წილები საერთო რაოდენობაში დაახლოებით თანაბარია. საქპატენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ გოგილიძის განმარტებით, პატენტების გაცემის ტენდენცია წლიდან წლამდე კლებადია, მთავარი მიზეზი კი შეზღუდული ფინანსებია.

”საკანონმდებლო სისტემა პატენტების გაცემის მხრივ სრულად წესრიგშია. თავად საგამომგონებლო საქმიანობა არ არის კარგ მდგომარეობაში და წლების განმავლობაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. ამის მიზეზი არის ის, რომ გამოგონებების შექმნა პირდაპირ არის დაკავშირებული ფინანსებთან. სახელმწიფოცა და კერძო სექტორიც შეზღუდულ ფინანსურ რესურსს ხარჯავენ გამოგონებების შესაქმნელად. რეალურად კი ხელმძღვანელი პირები უნდა ცდილობდნენ, ხელი შეუწყონ ახალი გამოგონებების შექმნას, რაც წარმოების პროცესს უფრო ნაყოფიერს გახდის, წარმოებული პროდუქციის ხარისხს გააუმჯობესებს და მას უფრო კონკურენტულს გახდის,” – განმარტავს ნიკოლოზ გოგილიძე.

რა არის პატენტი და როგორია პატენტის აღების პროცედურა?

ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ მონოპოლიურ უფლებას, რომლის საფუძველზეც მას შეუძლია ნებისმიერ პირს აუკრძალოს პატენტით დაცული გამოგონების გამოყენება. პატენტის გაცემისთვის გამოგონება შემდეგ სამ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: სიახლე, საგამომგონებლო დონე და სამრეწველო გამოყენებადობა.

ზოგადად, პატენტი მოქმედებს იმ ქვეყანაში, რომელშიც აღებული გაქვს. მაგალითად, საქართველოში აღებული პატენტი არაფერს მოგცემთ სხვა ქვეყანაში.

ადგილობრივი პატენტის მისაღებად განაცხადი უნდა წარედგინოს საქპატენტს, რომელიც უნდა შეიცავდეს: განცხადებას პატენტის მისაღებად, აღწერილობას, ფორმულასა და ნახაზებს. აღწერილობაში იმდენად ნათლად უნდა იყოს გადმოცემული გამოგონების არსი და მისი განხორციელების გზები, რომ შესაძლებელი იყოს გამოგონების რეალიზება დარგის სპეციალისტის მიერ.

ჩვენთან მოქმედებს რამდენიმე უფასო სერვისი, რაც გამოგონების ავტორს საკუთარი განცხადების გაკეთებასა და პატენტის მიღების პროცედურებს უმარტივებს. მათ ვთავაზობთ წინასწარი ძიების სერვისს. ეს ნიშნავს, რომ განცხადების შემოტანამდე გამომგონებელს ჩვენი დახმარებით შეუძლია მოიკვლიოს ბაზარი და ნახოს, მისი გამოგონების ანალოგიური პროდუქტი უკვე ხომ არაა დაპატენტებული. ამ ინფორმაციის ქონის გარეშე, შეიძლება გამომგონებელმა ძალიან ბევრი იმუშაოს კონკრეტულ გამოგონებაზე და ის კი უკვე არსებობდეს ბაზარზე. ასევე, ვეხმარებით მოიკვლიოს, ხომ არ არის დაპატენტებული რომელიმე ქვეყანაში მისი გამოგონება უკვე და საკუთარი გამოგონებით სხვის პატენტს ხომ არ დაარღვევს. ეს ყველაფერი ავტორს საშუალებას აძლევს, განცხადების შემოტანამდე სრული სურათი ჰქონდეს, თუ რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში.

ქართული გამოგონების სხვა ქვეყანაში დაპატენტება როგორ ხდება?

გამომგონებლებს შეუძლიათ ჩვენთან შემოიტანონ განცხადება და ჩვენი უწყება ამა თუ იმ ქვეყანაში პატენტზე განცხადების შეტანაში დაეხმარება. თუ გამომგონებელს რამდენიმე ქვეყანაში უნდა პატენტის მიღება, მას ორი ვარიანტი აქვს. მას შეუძლია სხვადასხვა ქვეყანაში ცალ-ცალკე შეიტანოს განცხადება ან მიმართოს PCT სისტემას. ეს არის საპატენტო კორპორაციის ხელშეკრულებით გაერთიანებული ქვეყნების ასოციაცია, რომლის წევრიც არის საქართველო. ამ სისტემის მეშვეობით, განცხადების ერთჯერადად შევსებით მისი ბევრ ქვეყანაში შეტანაა შესაძლებელი. ავტორი მონიშნავს იმ ქვეყნებს, სადაც გამოგონების დაპატენტება უნდა. ქვეყნები დამოუკიდებლად ჩაატარებენ კვლევას და შეიძლება ნაწილმა გასცეს პატენტი, ნაწილმა კი - არა.

2016 წელი ქართული გამოგონებების საზღვარგარეთ დაპატენტების მხრივ ნამდვილად გამორჩეული იყო, რადგან 14 განაცხადი წავიდა საქართველოდან უცხოეთში. წინა წლებში კი 4-5 განაცხადი იყო ხოლმე.

რამდენად ხშირია საქართველოში უცხოური გამოგონებების დაპატენტება?

საქართველოში პატენტზე განცხადება გარკვეულ კომპანიებს შემოაქვთ. მათი წილი ქართულ გამოგონებებთან შედარებით დაახლოებით ნახევარია და ეს არც ისე ცუდი მაჩვენებელია. თუმცა, ზოგადად, საერთაშორისო ციფრებს თუ შევხედავთ, საქართველოში არსებული პატენტები ძალიან ცოტაა. რომ შევადაროთ, რამდენი განაცხადი შედის მსოფლიოში წლის განმავლობაში, საქართველოში შემოსული ნამდვილად არაფერია.

რა ღირს პატენტის აღება?

პატენტის აღების ფასი მთავრობის განკარგულებით არის დადგენილი. ის გამოგონებაში ობიექტების რაოდენობაზეა დამოკიდებული. საშუალო ფასი კი დაახლოებით 700 დოლარია. ეს არის პატენტის მიღების გადასახადი. აღნიშნულის გარდა, ყოველ თვე გადასახდელია გარკვეული თანხა, რომელიც დამოკიდებულია პროდუქტზე, მის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომერციულობაზე. პატენტი გაუქმდება, თუ მფლობელმა აღნიშნული თანხა არ გადაიხადა.

გამოგონებების პოპულარიზაციისთვის ჩვენთან გამოგონების და სასარგებლო მოდელის დაპატენტების საფასურებზე 70%-იანი შეღავათი დაწესდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისთვის. აღსანიშნავია, რომ ფასდაკლების შემდეგ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების აქტივობა მართლაც გაიზარდა.

პატენტის მიღების შემდეგ როგორ იქცევა გამომგონებელი, როგორ უნდა მოახდინოს საკუთარი იდეის კომერციალიზაცია?

აქ ორი ვარიანტი არსებობს. გამომგონებელს შეუძლია თავად აწარმოოს ბიზნესი, ან ლიცენზია გაყიდოს. პატენტზე ლიცენზია სარგებლობის უფლებას მხოლოდ გარკვეული პერიოდით იძლევა. ამ შემთხვევაში ის რომელიმე ქარხანასა თუ მწარმოებელს მისცემს ლიცენზიას და თვითონ ყოველთვიურად თუ ყოველწიურად მიიღებს გარკვეულ ჰონორარს.

პატენტის მფლობელს უფლება აქვს, გასცეს ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური კერძო ლიცენზია. ექსკლუზიური კერძო ლიცენზია მის გამცემს უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას. მეორე ვარიანტია, რომ გამოაცხადოს ღია ლიცენზირების რეჟიმი, რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლებას აძლევს, გამოიყენოს პატენტი პატენტის მფლობელის მიერ დადგენილი პირობებით.

რა ვადით ხდება პატენტის დაცვა?

პატენტის დაცვა ხდება 20 წლით. შემდეგ პატენტი უქმდება და მისი გამოყენება ყველას შეუძლია.

საქართველოში დაპატენტებული გამოგონებები ძირითადად რომელ სფეროდანაა ხოლმე?

საქართველოში ქიმია და ფარაცევტული მიმართულება ლიდერობს. ეს ტენდენცია გლობალურია. ფარმაცევტიკა, ელექტრონული ინჟინერია და მაღალი ტექნოლოგიები გამოგონებების მხრივ მსოფლიო ლიდერები არიან. თუმცა ელექტრონული ინჟინერია საქართველოში ნაკლებად აქტიურია, რადგან კონკრეტული პროდუქტის შექმნას ძალიან დიდი რესურსი სჭირდება. შესაბამისად, შანსი, რომ საქართველოში არსებულმა ქარხანამ ელექტრონული ინჟინერიის უახლესი პროდუქტი შექმნას, თითქმის არ არსებობს. ამიტომაც მსგავს გამოგონებებს არ აპატენტებენ. ფარმაკოლოგია შედარებით აქტიურია, რადგან პროდუქტის შემადგენლობა თუ ცნობილია, მისი დამზადების ალბათობა მაღალია. ამიტომ გამომგონებლები დაინტერესებული არიან, რომ მათი პროდუქტი პატენტით იყოს დაცული.

რამდენად ხშირია საქართველოში პატენტის დარღვევის შემთხვევები?

საქართველოში პატენტი იშვიათად ირღვევა. წლის განმავლობაში მხოლოდ 2-3 შემთხვევა ფიქსირდება.

ნანა მღებრიშვილი