ბაზარზე ახალი ქართული ბრენდის ფეხსაცმელი გამოჩნდა

სამი თვეა, რაც ადგილობრივ ბაზარზე ქართული ბრენდი POSH-ი გამოჩნდა. ბიძის და დისშვილის მიერ საკუთარი სახსრებით დაწყებულ „ახალგაზრდა ბიზნესის“ ისტორიაზე, „ბიზნესპრესნიუსს“ ლაშა ოსიძე ესაუბრა.

როგორც ის აღნიშნავს, ბიზნესის დაწყება ბიძასთან, გოჩა კახიანთან ერთად ექვსი თვის წინ გადაწყვიტა და უკვე სამი თვეა „პოშის“ ბრენდის ფეხსაცმელი ბაზარზე გამოჩნდა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ მამაკაცის ფეხსაცმელს კერავენ, თუმცა ზაფხულიდან ქალის ფეხსაცმლის, ჩანთების, ქურთუკების, აქსესუარებისა და ზოგადად, ტყავის ნაწარმის წარმოებასაც გეგმავენ.

„ბიზნესის და მართვის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და შესაბამისად, ვიცი როგორ განვსაზღვრო ის პროდუქცია, რომელიც კარგად გაიყიდება ბაზარზე. ამას დაემატა ისიც, რომ ბიძაჩემს წლების განმავლობაში შეხება ჰქონდა ფეხსაცმლის წარმოებასთან და შესაბამისად მისი გამოცდილება საქმის დაწყებაში ძალიან დაგვეხმარა. რომ არა მისი გამოცდილება, ვერაფერს დავიწყებდით და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბევრი რამ სწორედ მან მასწავლა ამ საქმეში“, - აღნიშნავს ლაშა ოსიძე.

როგორც მან „ბიზნესპრესნიუსს“ უთხრა, კონკურენციის თვალსაზრისით ბაზარზე გამოჩენა და თავის დამკვიდრება რთული არ არის და მთავარია ხარისხიანი და კარგი მოდელის შექმნა.

„პოშის“ ბრენდის ნაწარმი ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ იყიდება, თუმცა, როგორც ოსიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, საკუთარი მაღაზიის გახსნას აპირებენ. მისივე ცნობით, სამომავლოდ პროდუქციის ექსპორტზე გატანაც მოხდება.

„როგორც კი საკმარისი ფინანსები გვექნება, საკუთარი მაღაზიის გახსნასაც ვგეგმავთ. რაც შეეხება, ექსპორტს, საბერძნეთსა და რუსეთში გვყავს ახლობლები და სამომავლოდ, შესაძლოა, ამ ქვეყნებშიც დავიწყოთ გაყიდვები. მანამდე კი საჭიროა წარმადობა გავზარდოთ, რათა შევძლოთ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამ დროისათვის, თვეში დაახლოებით, 120 წყვილი ფეხსაცმლის დამზადებას ვახერხებთ, რაც ძალიან ცოტაა,“- ამბობს ოსიძე.

რაც შეეხება ფასებს, ახალი ქართული ბრენდის მამაკაცის ფეხსაცმელი 80 -100 ლარი ღირს, სამომავლოდ კი გეგმავენ, რომ ქალის ფეხსაცმლის სარეალიზაციო ფასი 60-დან 140 ლარამდე განსაზღვრონ.