თბილისში გრაფიტის პირველი სკოლა და მაღაზია გაიხსნება

საქართველოში გრაფიტის პირველი სკოლა და მაღაზია Fabrikaffiti თბილისში 25 თებერვალს გაიხსნება.

მაღაზია, რომელიც სტუდიასა და სახელოსნოს გააერთიანებს, მულტიფუნქციურ სივრცე "ფაბრიკაში" განთავსდება.

"ეს იქნება სივრცე, სადაც ადგილობრივი და უცხოელი არტისტების ნამუშევრები გაიყიდება. გარდა ამისა, იქნება სახელოსნო, სადაც გრაფიტის მიმართულებით სხვადასხვა სახის პროდუქცია შეიქმნება", - აღნიშნა იდეის ერთ-ერთმა ავტორმა ბაჩა ხოფერიამ.

იდეის კიდევ ერთი ავტორის მირიან-მირო შენგელიას თქმით, წელს ასევე იგეგმება ფესტივალის ჩატარება და უცხოეთიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან ცნობილი არტისტების ჩამოყვანა.

"მოიხატება არა მარტო ფაბრიკის ტერიტორია, არამედ მისი მიმდებარე შენობები და ფასადები. მოწვეული სტუმრები ასევე ვორკშოპებსაც ჩაატარებენ", - აცხადებენ იდეის ავტორები.

"ფაბრიკაფიტის" სივრცეში განთავსებული გრაფიტის სკოლა, რომელიც 1-თვიან კურსს ითვალისწინებს, მსურველები გაეცნობიან გრაფიტის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს. კურსის ღირებულება 200 ლარი იქნება. ჩვენსავე სივრცეში სხვადასხვა გამოფენა მოეწყობა. ვცდილობთ, რომ ყველა არტისტი მაქსიმალურად დავაინტერესოთ და გავააქტიუროთ", - აცხადებენ Fabrikaffiti -ის დამფუძნებლები.

იხილეთ ინგლისურის ვერსია: First graffiti shop and school opens in Tbilisi