ირაკლი ალასანია ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიაში უფროს პარტნიორად დაინიშნა

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია საქმიანობას ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიაში - SPCONSULTING განაგრძობს.

კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ალასანია კომპანიის უფროს პარტნიორად დაინიშნა. ყოფილი თავდაცვის მინისტრი აღნიშნულ პოსტს ნოემბრიდან იკავებს. მომავალი კვირიდან კი მისი არჩევა აღმასრულებელი ლიდერშიპის მთავარ ათეულში იგეგმება.

ალასანიამ ჯერ კიდევ „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობდა.

საკონსულტაციო კომპანია SPCONSULTING 35 წელზე მეტია, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ცნობილ კომპანიებს უწევს საკონსულტაციო მომსახურებას.

ირაკლი ალასანიამ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიიღო.