ქართველი ძმები შილდაში ნუშის პლანტაციას აშენებენ

"ბაღი 2 ჰექტარზეა გაშენებული. როცა მოსავალი მოუწევს, ეტაპობრივად, ნერგებს სხვა ფართობზეც დავამატებთ. დავრეგისტრირდით სხვადასხვა საერთაშორისო ელექტრონულ სავაჭრო პორტალზე და უკვე რამდენიმე შეკვეთაც გვაქვს"

"ჩვენი მიზანი ფერმერობა­ არასდროს ყოფილა. გვსურდა,­ სოფელში საგვარეულო სახლი არ დაგვეკეტა. საუბარია ვენა­ხის,­ მარნის მოვლაზე, თონისა­ და სასოფლო-სამეურნეო სავარ­გულე­ბის ამოქმედებაზე", - ამბობენ ახალგაზრდა ფერმერები, ძმები არჯევანიძეები, რომლებსაც საგვარეულო მამული ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში­ აქვთ.

ძმები ფიქრობდნენ, კიდევ რა გაეკეთებინათ, რაც მათ მეურნეობას გააფართოებდა და გაწეული შრომაც სარგებლიანი იქნებოდა. სხვადასხვაგვარი კვლევების შემდეგ გადაწყვიტეს, ნუშის ბაღი გაეშენებინათ.

ირაკლი არჯევანიძე, 29 წლის:

- 2014 წლამდე შილდაში პირადი მოხმარებისთვის მოგვყავდა პროდუქცია. დანაზოგიც გვქონდა და გადავწყვიტეთ, ის სოფლის მეურნეობისთვის მოგვეხმარებინა. როგორც პირველადი კულტურა და როგორც გადამუშავებით მიღებული პროდუქტები, ჩვენთან ყველაზე ახლოს ნუში აღმოჩნდა და მისი მოშენებაც ასე გადაწყდა.

- ვენახს აღარ უვლით?

- ვენახს ადგილობრივი მოსახლეობა­ უვლის, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერითა და მათი ფიზიკური შრომით საერთო სარგებელი იქმნება და მერე ყველა ვიყოფთ.

- ნუშზე ვისაუბროთ...

- პირველ ჯერზე ორწლიანი კულტურები ვიყიდეთ. მერე იყო შესაძლებლობა, პროექტის - "დანერგე მომავლის" ფარგლებში გვესარგებლა. გასათვალისწინებელია, რომ ნუშის კულტურას სარწყავი სისტემა არ სჭირდება. ისიც გაირკვა, რომ 1 ჰექტარი მიწა-სავარგულისთვის 400 ძირი ნერგი უნდა გვეყიდა. 400 ორწლიანი ნერგიდან 350-მა ძირმა­ გაიხარა. დღეს ისინი უკვე 3 წლისაა, წლეულს კი ბაღს 500 ძირი ერთწლიანი ნერგი დავამატეთ.

- ერთწლიანი და ორწლიანი ნერგი რას ნიშნავს?

- ერთწლიანია, როცა ნერგი საძირეზე დამყნობილია და ძირითად ბაღში იმავე წელს ირგვება. ორწლიანის შემთხვევაში კი ნერგი საძირეზე დამყნობილია, ერთი წლის განმავლობაში განვითარდება ფესვთა სისტემა და ძირითად ბაღში მხოლოდ მეორე წელს ირგვება.

ბაღი 2 ჰა-ზეა გაშენებული. როცა მოსავალი მოუწევს, ეტაპობრივად, ნერგებს სხვა ფართობზეც დავამატებთ. დავრეგისტრირდით სხვადასხვა საერთაშორისო ელექტრონულ სავაჭრო პორტალზე და უკვე რამდენიმე შეკვეთაც გვაქვს.

გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სანერგე მეურნეობის პარტნიორები გავხდეთ. მათ ნერგების გაყიდვაში ვეხმარებით...

სხვადასხვა საგრანტო პროექტს ვამზადებთ, რათა გადამმუშავებელი ხაზის მოსაწყობად დაფინანსება მოვიპოვოთ.

- და ნუშის გადამმუშავებელი საწარმოს სრული აღჭურვილობა შეიძინოთ?

- დიახ... წლეულს ჩვენმა ნუშმა ნიშ­ანი უნდა მოგვცეს (იმ პირველად დარგულ­ 400 ძირს ვგულისხმობ), ანუ რამდენიმე ათეული კილოგრამი უნდა მოვიდეს. ცხადია, ამას ინდუსტრიული მნიშვნელობა არ ექნება,­ კომერციულად ვერ გამოვიყენებთ. თუმცა, მეოთხე წლიდან მოსავლიანობამ დაახლოებით 70%-ს უნდა მიაღწიოს, მეხუთე წლიდან კი 100%-ს ველოდებით.

გადამმუშავებელი ხაზი ადგილობ­რივ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, როგორც ველური, ასევე კულტივირებული ინდუსტრიული ნუში საქართველოშივე გაყიდონ. მათ დავეხმარებით, რომ ნედლეული­ ბაზარზე გაიყიდოს სლოგანით - "ქართული პროდუქტი".

- თავიდან აღნიშნეთ, რომ ნუში ადვილად მოსავლელი კულტურაა...

- არ სჭირდება ხშირი მორწყვა, შეწამვლა. საქართველოში ის დაავადებები არ არის განვითარებული, რომლებიც შეიძლება ამ კულტურას გაუჩნდეს.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 20 მარტის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად