ფრანგულ-იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული ყველი კახეთში - თბილისიდან სოფელში გადასული ოჯახის ისტორია

ფრანგული და იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული ყველი საქართველოში, კახეთში არქიტექტორისა და მხატვარი ადამიანების ოჯახში მზადდება.

როგორც ლევან ცაგურია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, თელავის რაიონის სოფელ შალაურში მეუღლესთან, პროფესიით მხატვარ სოფიო გორგაძესთან ერთად რამდენიმე წლის წინ გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა ყველის წარმოება მაშინ დაგეგმილიც არ ჰქონიათ. ამ საქმიანობის დაწყება მეგობრის მიერ 1 ძროხის ჩუქების შემდეგ გადაწყვიტეს.

„ყველს ძროხისა და თხის რძისგან ვამზადებთ. კომერციული სახე ამ ყველაფერმა 2012 წლიდან მიიღო. როდესაც მე და ჩემი მეუღლე სოფელში გადმოვედით, მეგობარმა ძროხა გვაჩუქა. სწორედ ამის შემდეგ დავინტერესდით ყველის წარმოებით. ახმეტაში გაეროს დაფინანსების კურსები გავიარე, შემდეგ თელავში პროფესიული კოლეჯი დავამთავრე,“- გვიამბობს ლევან ცაგურია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე 4 სახეობის ყველს აწარმოებენ - ბონა ყველი, აშმელო, შალო და შალაურის თეთრი. აქედან, შალო იტალიური ყველის - ტალეჯოს მსგავსად მზადდება, აშმელო და შალაურის თეთრი კი ფრანგული ტექნოლოგიით მზადდება.

ცაგურიას განცხადებით, აშმელო, შალაურის თეთრი და ბონა ყველი - გარედან თეთრი ობით არის დაფარული, რაც განსაკუთრებულ გემოს აძლევს მას; შალო კი მოწითალო ფერისაა.

„ბონა ყველი პასტერიზებული თხის რძისგან მზადდება. ჩვეულებრივი ყველისაგან იმით განსხვავდება, რომ ჩადედება არა ერთ საათში, არამედ 12-საათში ხდება. ბონა ფრანგული ყველის, კროტინის მსგავსი ტექნოლოგიით მზადდება. რაც შეეხება სახელს, ბონა ჩვენს ერთ-ერთ პირველ თხას ერქვა, რომლის სახელიც ამ ყველს დავარქვით,“- აღნიშნა ცაგურიამ.

ამ ეტაპზე დღეში დაახლოებით 10 კილომდე ყველს აწარმოებენ. როგორც ცაგურია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ეს საკმაოდ მცირე წარმადობაა ექსპორტზე გასატანად. თუმცა, მისი თქმით, უახლოეს პერიოდში გაფართოებასა და წარმადობის გაზრდას აპირებენ, რის შემდეგაც შესაძლოა ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ყველი ექსპორტზეც გავიდეს.

ამ დროისათვის კი შალაურში წარმოებული ყველი ძირითადად თბილისში რამდენიმე მაღაზიაში „მარლეტას ყველის“ ლოგოთი იყიდება.

როგორც ლევან ცაგურია ამბობს, ამ სახელსაც თავისი ისტორია აქვს. კერძოდ, მარლეტა მათ პირველ ძროხას ერქვა, ამიტომაც გადაწყვიტეს პროდუქტისთვის ეს სახელი დაერქმიათ.

Georgian architect turned farmer: Goat cheese made with French and Italian technology