პოლიცია „კოკა კოლას“ ქილებში დაბინძურებულ ნარჩენებს ეძებს

ჩრდილოეთ ირლანდიაში მდებარე „კოკა კოლას“ ქარხანაში მიწოდებულ ალუმინის ქილებში დაბინძურებული ნარჩენები აღმოაჩინეს.

ლისბურნის ქარხანამ ღამის ცვლის მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ჩამომსხმელი დანადგარი გაიჭედა. „კოკა კოლამ“ გამოაცხადა, რომ გაანადგურა ყველა ქილა, რომლებზეც დაბინძურების ეჭვი არსებობდა. ამასთან, ხაზი გაესვა იმასაც, რომ ეს მხოლოდ ცალკეული შემთხვევა იყო და რომ გაყიდვაში არსებული სასმელი დაბინძურებული არ არის.

„ბიბისის“ ცნობით, საქმეს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. პოლიცია ეჭვობს, რომ ქილები თავიდანვე იყო დაბინძურებული. „ბელფასტ ტელეგრაფის“ ინფორმაციით, ქარხანას ისინი თავმოხდილი მიეწოდება და ჩამოსხმის შემდეგ იხუფება. ლისბურნის ქარხანაში გამოშვებული „კოლა“ ჩრდილოეთ ირლანდიის ბაზარზე იყიდება.

პოლიცია ეჭვობს, რომ შესაძლოა, ქილები კომერციულ საწყობში დაბინძურდა, რის შემდეგაც ისინი ქარხანაში გაიგზავნა. გამოძიება დაბინძურების წყაროს და მიზეზის დადგენას ცდილობს. „კოკა კოლას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნოკმორ ჰილის ქარხანაში, სადაც ქილები მზადდება, ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს იმის კვლევა, ხომ არ არის ეს ორი ინციდენტი ერთმანეთთან კავშირში.

„ინციდენტის დროს გამოშვებული პროდუქცია მაშინვე ჩამოიწერა და ის არ გაიყიდება. ეს იზოლირებული შემთხვევაა, რომელიც ამჟამად გაყიდვაში არსებულ პროდუქციას არ შეხებია“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.