მესხური ღვინის ახალი პერსპექტივები

ნიუ იორკი, კალიფორნია, ვაშინგტონი - მესხური ღვინის ახალი სამიზნე ბაზარია. ნათენაძეების მარანში იშვიათი მესხური ჯიშების ყურძნისგან დამზადებული ღვინის ამერიკაში ექსპორტით ეგრეთ წოდებული ბაიერები არიან დაინტერესებულნი.

ცოტა ხნის წინ ნათენაძეების ღვინის 2015 წლის მოსავლის მთლიანი პარტია დანიაში, მიშლენის პირველი ვარსკვლავის რესტორნების ქსელმა შეიძინა, მთავარმა სომელიემ კი მესხურ ღვინოს საუკეთესო შეფასება მისცა. როგორც გიორგი ნათენაძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ამბობს, მიშლენის რესტორნის წარმომადგენლები მესხური ღვინის 2010 წლის მოსავლის დეგუსტაციასაც აპირებენ. მესხური ღვინო ამჟამად იაპონიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დანიასა და შვეიცარიაში გადის ექსპორტზე. მომავალი წლის სამიზნე ქვეყნები კი ამერიკა, ბრიტანეთი, ბელგია, ჩინეთი და ავსტრალიაა.

”სიტყვა "მესხური ღვინო" ცოტა ხნის წინ საქართველოშიც კი არავინ იცოდა. დღეს კი საზღვარგარეთ უფრო დიდი ცნობადობა და დაინტერესებაა, ვიდრე საქართველოში. სამწუხაროდ, ღვინო დიდი რაოდენობით არ მაქვს, რომ ყველგან შევძლო რეალიზაცია. თუმცა ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში შევიტანო მესხსური ღვინო. 9 სახეობის ღვინიდან ძირითადად გასაყიდად 6 სახეობა მაქვს, რომელიც შემიძლია რამდენიმე ქვეყანაში გავავრცელო. ქართულ ბაზარზე ძალიან მცირე რაოდენობით ვყიდი ღვინოს და ზოგჯერ არც ვყიდი, რადგან ქართული ბაზრის მოთხოვნის მიხედვით დღეს ღვინო აღარ მექნებოდა და ვერც მსოფლიოს გავაცნობდი. ახალი ჯიშებიდან საექსპერიმენტო ღვინოებს ვაყენებ. გამაქვს საერთაშორისო გამოფენებზე, დეგუსტაციებზე და ექსპერტების რჩევებს ვითვალისწინებ, საღვინე ჯიშებს ვამრავლებ და დანარჩენებს კი კოლექციისთვის ვინახავთ“, - გვეუბნება გიორგი ნათენაძე.

ნათენაძეების ოჯახი სამცხე-ჯავახეთში პირველი იყო, ვინც დაკარგული მესხური ჯიშები აღადგინა და ღვინო დაწურა. დღესდღეობით ნათენაძეების ვენახში 24 ჯიშია იდენტიფიცირებული და 9 სახეობის მესხურ ღვინოს აწარმოებენ, რომელთა შექმნასაც 14 წელი დასჭირდა.

”მესხური ღვინისა და მესხური ვაზის მოძიება, აღდგენა და კვლევები უკვე 14 წელია დაწყებული მაქვს. მოძიებას ახლაც განვაგრძობ, ვეძებ ყველგან, სოფლებში, ნასოფლარებში თუ ტყეში, თურქეთშიც გადავდივარ-ხოლმე, ტაო-კლარჯეთშიც ბევრია საინტერესო მესხური ჯიშები შემორჩენილი და მათაც შესწავლა და კვლევა სჭირდება. დღესდღეობით 24 ჯიში გვაქვს იდენტიფიცირებული, არის ჯიშები, რომლებიც კულტურული აღმოჩნდა და სხვა არცერთ რეგიონს არ მიესადაგება. ვფიქრობ უახლოეს 3-4 წელიწადში 10-მდე ჯიშს დავუმატებ კოლექციას, ზოგს თურქეთიდან, ზოგს ისევ ჩვენი რეგიონიდან. ჩემს პარტნიორებთან ერთად დავიწყე საუკუნის პროექტი, მესხური ტერასების აღდგენა-აღორძინება, რომელიც 32 ჰექტარზეა გადაჭიმული, მასზე უკვე გავაშენეთ 24 დასახელების მესხური უიშვიათესი ვაზი, წელს კიდევ დავრგავთ 3 ჰექტარს და ასე ყოველ წელს გავაფართოვებთ ჩვენს ტერასებს”, - ამბობს მეღვინე.

გიორგი ნათენაძე მიიჩნევს, რომ ქართული თანამედროვე მეღვინეობის განვითარებისთვის საჭიროა მცირე მარნების წამახალისებელი პროგრამები, გრანტები და იაფი კრედიტები. ”დღეს არსებობს იაფი კრედიტი, მაგრამ მცირე მარანისთვის თითქმის შეუძლებელია მათი გამოყენება. შეიძლება ითქვას, ჩვენს ინტერესებზე მორგებული არც ერთი პროგრამა არ არსებობს. მცირე მარნების განვითარება იქნება ყველაზე საუკეთესო საშუალება ღვინის რეალიზაციის, ღვინის ტურიზმის განვითარების. ადრე თუ გვიან, სახელმწიფოს მოუწევს უარის თქმა ყურძნის შესყიდვაზე ქარხნების წასახალისებლად და სუბსიდიების გაუქმება, ეს არ არის გამართლებული მეთოდი. საჭიროა ახალი პროგრამა დაინერგოს სახელმწიფოს მიერ, როგორიც იქნება მცირე საოჯახო მარნების განვითარება, მათი აღწერა, დახმარება, დატრენინგება და ერთიან ბაზაში მოქცევა”, - აცხადებს მეღვინე გიორგი ნათენაძე.