რატომ გაცვალა კიევი სვანეთზე უკრაინელმა ქალმა

ცნობილი კიეველი პიარმენეჯერი და ბიზნეს ტრენერი ტანია მერზლაია ბოლო რამდენიმე თვეა სვანეთში, ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

საქართველოში ცხოვრების იდეა ქვეყანაში ერთ-ერთი მოგზაურობისას გაუჩნდა. როგორც თვითონ ამბობს, კიევში დაბრუნებისას იგრძნო, რომ ყველაფერი ზედმეტად ხმაურიანი და რთულია, ვიდრე მთებში. ამიტომ როცა ინტერნეტში ჰოსტელში მოხალისედ მუშაობის ვაკანსიას გადააწყდა, მაშინვე დათანხმდა და თვენახევარში მესტიაში საცხოვრებლად გადავიდა.

სოფელში, სადაც ტანია მერზლაია ცხოვრობს, აქამდე არცერთი კაფე არ იყო, თუმცა, ზამთრის სეზონზე საკმაოდ ბევრი ტურისტი ჩამოდიოდა. ტანიას ყავახანის გახსნის იდეა მისმა ნაცნობმა შესთავაზა. იდეიდან კაფე Erti Kava-მდე მხოლოდ 1,5 თვე გავიდა.

დღესდღეობით კაფე Erti Kava მომხმარებელს ყავის მდიდარ ასორტიმენტს სთავაზობს. ფასები საშუალოზე მაღალია, რაც განპირობებულია იმით, რომ რძე უახლოესი ქალაქიდან ჩამოდის, ხოლო ყავა - უკრაინიდან. როგორც კაფეს მფლობელები ამბობენ, ის აღჭურვილია ძვირად ღირებული იტალიური ტექნიკით, ხოლო ფასები საშუალოზე მხოლოდ ერთი ლარით ძვირია. მაგალითად, კაპუჩინოს ყიდვას მომხმარებელი 7 ლარად შეძლებს.

ბიზნეს გეგმის მიხედვით, კაფე მასში ჩადებულ ინვესტიციებს მე-18 თვისთვის ბოლომდე ამოიღებს. ინვესტიციები დამფუძნებლების პირადი ფულადი დანაზოგებისგან და საბანკო კრედიტებისგან შედგება.

bpn„მთების გარდა, სვანეთმა მცირე რაოდენობის მოსახლეობითაც მიმიზიდა. სოფელში ვცხოვრობ, სადაც ორი პატარა მაღაზიაა, ოდნავ მოშორებით კი ბაზარი, სადაც ფეხით მისასვლელად ორი საათი გინდა, მანქანით კი 20 წუთი. აქ სიჩუმეა, სილამაზე, ბუნება. უბრალო ცხოვრება მომინდა. კიევში სულ სადღაც გავრბივართ, აქ კი უფრო ხშირად საკუთარ თავთან ხარ. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეშინოდა, რომ მთელი სეზონი ვერ გავძლებდი აქ, სამ თვესაც ვერ ვიცხოვრებდი და კიევში დაბრუნება მომიწევდა. ამიტომ მხოლოდ სამი თვის სამყოფი ნივთები და ტანსაცმელი წამოვიღე“, - იხსენებს ტანია.

უკრაინელი პიარმენეჯერის თქმით, პირველ ეტაპზე ყველაფერი უჩვეულოდ ეჩვენებოდა.

„ქალაქის ხმაურის მაგივრად, აქ მხოლოდ სიჩუმე და ბუნების წყნარი ხმები ისმოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველაზე რთულად დასაძლევი ადგილობრივების რეაქცია იყო. ჩამოსვლისთანავე შემნიშნეს. პირველ რიგში იმიტომ, რომ სლავური გარეგნობა მაქვს და არც ტურისტი ვარ. თან, აქ ხალხს სულ მუქი ფერის ტანსაცმელი აცვია, მე კი ყველაფერი ფერადი მაქვს. დროთა განმავლობაში ყველა გამეცნო და შემეჩვია, თუმცა, მათი გამოხედვები და ჩემი განსხვავებულობა ჯერ კიდევ მიქმნის დისკომფორტს.

გარდა ამისა, აქ ყველა იმას ლაპარაკობს, რასაც ფიქრობს. ქალაქში ხალხი უფრო კორექტულია და, შესაბამისად, უფრო ცბიერიც. აქ კი ყველაფერი მარტივადაა.

კიდევ ერთი თავისებურება აქაური საკვებია. სვანეთის მთებში სუპერმარკეტში შესვლის შესაძლებლობა არ არსებობს, ხოლო სურსათი შეზღუდულია. მაგალითად, ყველის ყიდვა მხოლოდ აქაურ ქალებთან შეიძლება. თუმცა, ამასაც მალე შევეჩვიე. ახლა, როცა ჩამოსვლამდე ნაცნობები მეკითხებიან, რა ჩამოგიტანოო, ვპასუხობ - არაფერი. არაფერი განსაკუთრებული აღარ მინდება“, - ამობს ტანია.

ყოველწლიურად სვანეთში დაახლოებით, 50 ათასი ტურისტი ჩადის. თუმცა, გარდა ამისა, ყავახანის იდეა ტანია მერზლაიას სხვა მიზეზის გამოც მოეწონა. საქმე ის არის, რომ მისი თქმით, საქართველოში კარგი ყავის ყიდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. „თბილისში მხოლოდ ორი ასეთი ადგილია, ხოლო ბათუმში - ერთი“, - ამბობს ტანია.

წყარო: thedevochki.com