უკან წარსულში: რუსული ბიზნესის საბჭოთა ნოსტალგია

2016 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა 63% საბჭოთა კავშირის დაშლაზე წუხს.

ეს პოპულარული ტრენდი ზოგიერთმა რუსმა ბიზნესმენმა სარფიანად გამოიყენა და მასზე ბიზნესის აწყობა შეძლო.

საბჭოთა სათამაშო ავტომატების მუზეუმი

2007 წელს ალექსანდრე სტახანოვმა, ალექსანდრე ვუგმანმა და მაქსიმ პინიგინმა მოსკოვში ”საბჭოთა სათამაშო ავტომატების მუზეუმი” გახსნეს. დამთვალიერებლებს არა მხოლოდ ავტომატების ხილვა, არამედ თამაშიც შეუძლიათ - ბილეთის ფასი 15 ავტომატზე თამაშის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

გაზიანი წყლის ბავშვობის გემო

2008 წელს ”სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენის” მთავარ ხეივანზე საბჭოთადროინდელი გაზიანი წყლის ავტომატები გაჩნდა. იდეის ავტორი ალექსანდრე დანილინი ყვება, რომ თავიდან ნაყინის ან ბურახის გაყიდვას აპირებდა, მაგრამ ნაყინს ძალიან ბევრი ყიდდა, ხოლო ბურახის ავტომატები მან ვერ იშოვა. სამაგიეროდ, ძებნის პროცესში გაზიანი წყლის რეტრო-ავტომატები შეიძინა და ახლა 5 სხვადასხვა გემოს წყალს წარმატებით ყიდის.

საბჭოთა კოსმეტიკა

2015 წელს რუსეთის მაღაზიების დახლებზე კოსმეტიკის ახალი ხაზი სახელწოდებით ”საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჯანმრთელობის კერების საიდუმლოებანი” გაჩნდა. ბიზნესმენ ანდრეი ტრუბნიკოვის კომპანია ყიდის შამპუნებს, ბალზამებს, სკრაბებს, კრემებს, აბაზანის მარილებს, სულ - ათეულობით სხვადასხვა პროდუქტს. ტრუბნიკოვის თქმით, 2015 წლის კომპანიების საერთო მოგება 20%-ით გაიზარდა და 9 მილიარდი რუბლი შეადგინა.

ნოსტალგიური კაფეები

2011 წელს სანქტ-პეტერბურგში საბჭოთა კაფე ”კვარტირკა” გაიხსნა. კაფეს მფლობელების თქმით, მათ სურდათ ”კონცეპტუალური, მაგრამ ამავე დროს ძალიან კომფორტული და ”შინაურული” ადგილი შეექმნათ”. კაფეს ძირითადი მიზანი საბჭოთა ეპოქაზე ნოსტალგიის ჩამოყალიბება და წარსულის გამეორება იყო.

კაფეს საფუძვლად 1960-80-იანი წლები დაედო, კაფეს ინტერიერებში ნამდვილი ნივთები გამოიყენება, უკრავს იმდროინდელი მუსიკა, ტელევიზორში კი საბჭოთა კინო გადის.

საბჭოთა დროინდელი საქონლის მაღაზიები

2008 წელს რუსეთში პირველი უჩვეულო ისტორიული საჩუქრების მაღაზია გაიხსნა. მისი მფლობელები საბჭოთა თემატიკას იყენებენ და სთავაზობენ საიტის ვიზიტორებს ყველაფერს, ხრუშჩოვის პოსტერებიდან დაწყებული და გამარჯვების ორდენის ასლით დამთავრებული. ასევე არსებობს მაღაზია Сделано в СССР (დამზადებულია სსრკ-ში), სადაც, სხვა კონკურენტი მაღაზიებისგან განსხვავებით, რეალურად საბჭოთა დროინდელი ნივთები იყიდება.

მუზეუმ-რესტორანი ”დროის ბინა”

2015 წლის ოქტომბერში მოსკოვში ე.წ. დროის პორტალი გაჩნდა. ბიზნესმენმა სერგეი შირიაევმა გასართობ-შემეცნებითი ცენტრი ”დროის ბინა” გახსნა. სამოთახიან ბინაში თითოეული ოთახი 60-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების ეპოქას ასახავს.