ბაზარზე ქართული ზეთისხილის ზეთი გამოჩნდა

პირველი ქართული ზეთისხილის ზეთი ბაზარზე 25 მაისიდან გამოჩნდება. ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „ქართული ზეთისხილის“ დირექტორმა, ნელი გეთიაშვილმა განუცხადა.

„ბაზარზე პირველ ეტაპზე პირველი ქართული ზეთისხილის ზეთი გამოჩნდება.

თავდაპირველად პროდუქცია „კარფურის“ ქსელში შეგვაქვს და შემდეგ სხვა ობიექტებსაც მოვიცავთ. რაც შეეხება მარინადს, ის ჯერ დამარილების პროცესშია და სავარაუდოდ 1 თვეში გამოჩნდება ბაზარზე, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ქართულ ზეთისხილს მხოლოდ რესტორნებსა და სასტუმროებს მივაწვდით. რაც შეეხება ზეთს, ის 250-500 და 750 მილიგრამიან ბოთლებსა და 5-10 და 18 ლიტრიან ქილებში იქნება,“-აღნიშნა გეთიაშვილმა.

ზეთისხილის ბაღები კახეთში, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში 2010 წელს, კომპანია „ჯეო ლაივმა“ გააშენა. როგორც გეთიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, კომპანიას ამ ეტაპზე 30 ტონამდე ზეთი აქვს, რომლის რეალიზებაც ადგილობრივ ბაზარზე მოხდება.

სამომავლოდ კომპანია პროდუქციის ექსპორტზე მეზობელ და ევროპის ქვეყნებში გატანასაც გეგმავს. ქართული ზეთისხილის ზეთი ბაზარზე „ქართული ზეთისხილის“ სახელით გამოჩნდება. რაც შეეხება ფასს, გეთიაშვილის თქმით, მისი ფასი საკმაოდ ხელსაყრელი იქნება.

თაია არდოტელი