კოლმეურნეობის მოედანზე კომერციული პავილიონის მშენებლობა იწყება

კომპანია PP კოლმეურნეობის მოედანზე, ყვავილების ბაზრის ტერიტორიაზე კომერციული პავილიონის მშენებლობას იწყებს.

ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა ლაურა ღაჭავამ განუცხადა.

მისი თქმით, დაახლოებით 2 კვირა იქნება რაც მერიამ პროექტი დაამტკიცა.

„მერიამ პროექტი დაგვიმტკიცა და გარემოვაჭრეების ტერიტორიიდან გაყვანაშიც დაგვეხმარა. პავილიონის 3 ათასი კვადრატული მეტრის არენდით აღება „სამსუნგს“ უნდა. კიდევ რამდენიმე უცხოელია დაინტერესებული. სავარაუდოდ, იმ კვირაში ეს მოლაპარაკებები დასრულდება და მშენებლობასაც დავიწყებთ“, - აღნიშნა ღაჭავამ.

რაც შეეხება ვადებს, ღაჭავამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ პავილიონის მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რადგან მისი თქმით, უცხოელებს ფართი ოქტომბერში უნდა ჩააბარონ.

პროექტის მიხედვით, პირველ სართულზე საფეხმავლო სივრცესთან ინტეგრირებული კაფე განთავსდება. სატრანსპორტო გზის (ფხოვის ქუჩის) მხარეს გახსნილ თაღებში კი ყვავილებით მოვაჭრეების ნაწილი განთავსდება. ყვავილებით ვაჭრობა იქნება შესაძლებელი სახურავზეც, სადაც მოეწყობა ტერასები ამფითეატრის პრინციპით.

პავილიონი დაახლოებით 10 ათასი კვ. მეტრის ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება.

პროექტის ღირებულება 2 მილიონი დოლარია.