„რეზონანსი" - სახელმწიფო საწარმოები კერძო ბიზნესს ხელს უშლიან

სახელმწიფო საწარმოთა უმეტესობა, გარდა იმისა, რომ წამგებიანია, კერძო ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

როგორ გაზეთი „რეზონანსი" წერს, წელს 30 სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია მოხდება, მაგრამ კიდევ ათეულობით ორგანიზაცია დარჩება, რომელთა მიზნობრიობა საეჭვოა.

როგორც გადასახადის გადამხდელთა კავშირში აცხადებენ, არაერთგზის ჩატარებული კვლევებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, მდგომარეობა არ იცვლება. დიდია საფრთხე, რომელიც კერძო ბიზნესს სახელმწიფო საწარმოების მხრიდან ემუქრება.

2012 წელს 1 129 სახელმწიფო საწარმო არსებობდა. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაიწყო მათი შემცირების პროცესი, მაგრამ ისე, რომ ყველაზე მომგებიანი საწარმოები საპარტნიორო ფონდის ხელში აღმოჩნდა, ხოლო უმოქმედო საწარმოების უმეტესობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მმართველობაში დარჩა. დღეს ეს უწყება 137 კომპანიას მართავს, მაგრამ გასაუქმებელი კიდევ ბევრია. არის კიდევ სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც მართვის უფლებით აქვს გადაცემული სხვადასხვა სამინისტროსა და კერძო თუ იურიდიულ პირებს.

ცალკე თემაა ხელფასები, რომელსაც სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელები წაგება-მოგების მიუხედავად იღებენ და ხშირად ასტრონომიული მასშტაბისაა. ფაქტია, რომ ასეთ ორგანიზაციებში არც საკადრო პოლიტიკისა და არც ხელფასების გაცემის რეგულაცია არ არსებობს.

შედეგი არ მოჰყოლია არც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევას, რომელმაც საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრობლემები გამოააშკარავა. როგორც კვლევიდან ჩანს, 12 თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული 94 სამეწარმეო იურიდიული პირიდან უმრავლესობას არც ეთიკის კოდექსი, არ შიდა აუდიტისა და არც კორუფციის პრევენციის რამე დოკუმენტი გააჩნია. ასევე, საია-ს ინფორმაციით, 2013-16 წლებში თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებული 94 სამეწარმეო იურიდიული პირიდან არცერთ მათგანში დირექტორი კონკურსის წესით არ დანიშნულა.

როგორც გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი განმარტავს, სახელმწიფო საწარმოების დიდი ნაწილი ისევ რჩება სახელმწიფოს ხელში. პრობლემაა ის, რომ რეალურად არ შეცვლილა კანონის დონეზე საწარმოთა დაფუძნების კრიტერიუმები და დღესაც ნებისმიერ უწყებას თავისუფლად შეუძლია ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება იმის მიუხედავად, არის თუ არა ამის საჭიროება.

ჩემი რეკომენდაცია ადრეც იყო და რჩება, რომ საწარმოების დაფუძნებისთვის ერთნაირი კრიტერიუმები დაწესდეს. კადრების შერჩევაში, ტენდერების კუთხით არანაირი რეგულაცია არ არსებობს. მაგალითად, რკინიგზას თუ ეყოლება შვილობილი კომპანია, იქ კონკურსის ჩატარების აუცილებლობა არ არის. ეს არასწორი მიდგომაა.

სახელმწიფო საწარმოებიდან ბევრია საავადმყოფო და სოციალური დანიშნულების ობიექტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მაინცდამაინც მომგებიანია. შესაძლოა, მენეჯმენტს არც ჰქონდეს მოგებაზე გასვლის მიზანი, ხშირად ასეცაა. იმაზე, რომ საწარმო წაგებაზეა, პასუხს არავინ აგებს. თვითონ პასუხისმგებლობის საკითხიც მოუგვარებელია. ძალიან კარგი დასკვნა გამოაქვეყნა აუდიტის სამსახურმა, მაგრამ არ მსმენია, რომ ამას რეაგირება მოჰყოლოდა", - აცხადებს მიქაუტაძე და დასძენს იმ საფრთხეზეც, რაც კერძო ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.

"ბიზნესისთვის სახელმწიფო საწარმო კონკურენტია, რადგან ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაშია. ცხადია, ეს ბიზნესის განვითარებისთვის არ არის კარგი. სადაც სახელმწიფოა შესული, კერძო ბიზნესი იმ დარგით ნაკლებად ინტერესდება. მაგალითისთვის, ავიღოთ "მექანიზატორი". სანამ იგი არსებობს, არც ერთი კერძო ბიზნესი არ გადაწყვეტს, რომ კონკრეტულად ამ სეგმენტში ფული ჩადოს. ჩვენ თუ გვინდა კერძო სექტორის განვითარება, იგი სახელმწიფო ინტერვენციებისგან მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს", - აცხადებს მიქაუტაძე.

ტენდენციას, რომ სახელმწიფო საწარმოთა რაოდენობა იკლებს, დადებითად აფასებს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე. მისი აზრით, თითოეული სახელმწიფო საწარმოს არსებობა საფუძვლიანად უნდა იყოს დასაბუთებული, რათა მან ბიზნესის განვითარება არ შეაფერხოს.

"სახელმწიფო საწარმოები, ვერ ვიტყვით, რომ არ არიან მოგებაზე ორიენტირებული, მაგრამ არც წამგებიანობა უშლით ხელს არსებობისთვის. მათ აქვთ ფასებით მანიპულირების საშუალება, რაშიც კერძო საწარმოები შეზღუდული არიან. ასე ხელაღებით ვერ გავაუქმებთ სახელმწიფო ორგანიზაციებს, მაგრამ ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ ხდება მათი რაოდენობის შემცირება.

ყოველთვის დეტალურად უნდა განიმარტოს, თუ რამ განაპირობა სახელმწიფო საწარმოს შექმნა, რამდენად იყო ეს აუცილებელი და ა. შ. თუ ვიღაცის დასაქმება უნდათ და ამისთვის "იქმნება" საწარმო, ეს ძალიან ცუდია. იმედია, მსგავს ფაქტებთან არ გვექნება საქმე. სახელმწიფო საწარმოს კონკრეტული მიზნობრიობა უნდა გააჩნდეს, რადგან პირდაპირ შედის ბიზნესთან კონკურენციაში. სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ამ ტიპის საწარმოების შექმნას, რათა ბიზნესს განვითარების საშუალება მისცეს", - აცხადებს ჭელიძე.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს 30 სახელმწიფო საწარმოს ოპტიმიზაცია მოხდება. როგორც ამ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მიმდინარე წელს 4 სახელმწიფო საწარმოს პრივატიზება იგეგმება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"