ნურსულთან ნაზარბაევი - საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2017 ასტანა“ არის ახალი მწვერვალი ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის

საერთაშორისო გამოფენა „ექსპო 2017 ასტანა“ არის ახალი მწვერვალი ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის , - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ასტანაში „ექსპო 2017“-ის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

როგორც ნაზარბაევმა აღნიშნა, 2012 წლის ნოემბერში პარიზში გამოფენის საერთაშორისო ბიუროს წევრებმა დიდი პატივი მიაგეს ყაზახეთს, როდესაც ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება ანდეს. მისივე თქმით, ყაზახეთი არის პირველი დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, სადაც საერთაშორისო გამოფენა EXPO ეწყობა, რომელშიც მონაწილეობს 115 ქვეყნის და 22 საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაცია.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ქვეყანას, ვინც მიიღო ჩვენი წინადადება და შემოთავაზებული თემა. ამ მასშტაბის გამოფენა არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ძალისხმევა, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის მუშაობის შედეგი, რომლებიც წარმოადგენენ მათ მიღწევებს. ეს საერთაშორისო გამოფენა ასტანაში არის ახალი მწვერვალი ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, ასევე ყაზახეთის, როგორც ბრენდის, გლობალურ სივრცეში დამკვიდრებისთვის“,- განაცხადა ნაზარბაევმა.

რაც შეეხება უშუალოდ გამოფენას, ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ყაზახეთის მილიონობით მოქალაქე და ღონისძიების ასობით ათასი სტუმარი ასტანაში გაეცნობა მსოფლიო სამეცნიერო და საინჟინრო აზროვნების მიღწევებს. მისივე თქმით, ყაზახეთი, მიუხედავად უზარმაზარი ნახშირწყლების მარაგისა, აქტიურად გადავა განახლებადი ენერგიის წყაროებზე.

ნაზარბაევმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც „ექსპო 2017“-ის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა, ასევე, მადლობა გადაუხადა ყაზახეთის თითოეულ მოქალაქეს იდეის რეალიზაციაში გულწრფელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.

„ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურებს და წარმომადგენლებს, რომლებმაც გამონახეს შესაძლებლობა პირადად მიეღოთ მონაწილეობა გამოფენის გახსნის ცერემონიალში“, - განაცხადა ნურსულთან ნაზარბაევმა.

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში "ექსპო 2017" გუშინ ოფიციალურად გაიხსნა, დღეიდან კი გამოფენამ მუშაობა და დამთვალიერებლების მიღება დაიწყო. „ექსპო 2017“-ის მთავარი თემაა: "მომავლის ენერგია". ყაზახეთის დედაქალაქში გახსნის ცერემონიალზე ჩავიდა 17 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის: ესპანეთის მეფე ფელიპე VI, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი, ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ღონისძიებაზე ტრადიციულად შვილთან ერთად მივიდა და სხვები.

გამოფენაში მონაწილეობას მსოფლიოს 115-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და 22 საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს. "ექსპო 2017"-ზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყანაში შემუშავებული განახლებადი და ალტერნატიული სიახლეები. ყველა მონაწილე ქვეყანა საკუთარი პავილიონებით იქნება წარმოდგენილი, მათ შორის არის საქართველო, რომელიც დამთვალიერებლებს საქართველოს ენერგოპოტენციალზე მიაწვდის ინფორმაციას. "ექსპო 2017" ასტანაში სამ თვეს გასტანს და 2017 წლის 10 სექტემბერს დაიხურება.