პორშე 911 მილიონერია

თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ბევრი ისეთი მოდელის დასახელება შეიძლება, რომელიც მილიონზე მეტია გამოშვებული, ამიტომ მილიონიანი ზღვარის გადალახვა დიდ მიღწევად არ მიიჩნევა, მაგრამ სულ სხვა სიტუაციაა, როცა საქმე სპორტულ ავტომობილს ეხება.

ლეგენდარულმა ავტომობილმა „პორშე 911“-მა  54 წელიწადში ექვსი თაობა გამოიცვალა, მილიონიანი ზღვარი კი ახლახან გადალახა. ცუფენჰაუზენის ქარხანაში გამოშვებული საიუბილეო ავტომობილი ირლანდიურ მწვანე ფერშია შეღებილი. გარდა ამისა, მის გასაფორმებლად ბევრი ისეთი (ძველებური) ელემენტი გამოიყენეს, რომლებსაც თანამედროვე 911-ებზე ვერ შეხვდებით.

გერმანული კომპანია საიუბილეო 911-ის რომელიმე კოლექციონერისთვის მიყიდვას და ამით სოლიდური ფულის მიღებას არ აპირებს. ის მას თავის მფლობელობაში დაიტოვებს და საკუთარ მუზეუმში გამოფენს.

მოდელი 911 ყველაზე წარმატებულია „პორშეს“ ისტორიაში და პირველია, რომელმაც მილიონიანი ზღვარი გადალახა. თუმცა სპორტული ავტომობილების კლასში პირველი არაა, რომელიც მილიონზე მეტი გამოუშვეს. ამ მხრივ პირველი ადგილი „შევროლე კორვეტს“ ეკუთვნის, რომელიც 1.5 მილიონზე მეტია გამოშვებული (და გაყიდული). „მაზდას“ პატარა „MX-5-იც“ უკვე მილიონერთა სიაშია. მაგრამ „პორშეს“ მიერ წარმოებული მილიონი 911-დან, 70 პროცენტი ამჟამადაც საღია და მთელი მსოფლიოს გზებზე გადაადგილდება.

„პორშემ“ შარშან 32 365 ცალი 911 გაყიდა. ეს არაფერია „პორშესავე“ უგზოობის მოდელ „კაიენის“ გაყიდვებთან. ამ ავტომობილმა 2013 წელს ნახევარმილიონიანი ზღვარი გადალახა, რისთვისაც მხოლოდ 10 წელი დასჭირდა. თუმცა ამ მოდელს მეორე ათწლეული არ დასჭირდება იმისათვის, რომ 911-ს გადაასწროს. მილიონს უფრო ნაკლებ დროში ”კაიენზე” გაცილებით კომპაქტური SUV, „პორშე მაკანი“ მისწვდება.

წყარო autobild.ge