European Chamber-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის წარმოების კუთხით საქართველოს რეიტინგი 4 პოზიციით გაუმჯობესდა

European Chamber-ის კვლევის - „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის“ მიხედვით, საქართველო მე-20 ადგილს იკავებს.

2016 წელთან შედარებით, 2017 წელს საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა 4 პოზიციით, სარეიტინგო შეფასება კი 64.7-დან 68.6-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეფასებით საქართველო ევროპის ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა - ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, უნგრეთი საბერძნეთი.

მათივე ცნობით, რეიტინგის მიხედვით, საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს რეგიონის ისეთ ქვეყნებს როგორიცაა - ბელორუსი, თურქეთი, სომხეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, რუსეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.

„European Chamber კვლევის ფარგლებში 46 ევროპულ ქვეყნაში ბიზნესის წარმოება შეფასდა, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსებს ეყრდობა. European Chamber-ის კვლევა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსების საშუალო მაჩვენებელს და ზომავს ბიზნესის კეთების კონტექსტს ბიზნეს გარემოს, კანონმდებლობის, ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური კლიმატის და ბიზნესზე მოქმედი რეგულაციების ჩათვლით იღებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში მსოფლიოში მე-16 ადგილს იკავებს და 44-ე ადგილს Transparency International-ის კორუფციის აღქმის რეიტინგში.

„აღნიშნული პროგრესი ნათლად ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე და ინიცირებული რეფორმების შედეგიანობას. რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მთავრობა აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის შემდგომ განვითარებას და საბოლოოდ, დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.