რას მოუტანს ქართულ ბიზნესს ეროვნულ ვალუტაზე გადართვა?

პირველი ივლისიდან ქართული ბიზნესი ადგილობრივ ვალუტაზე უნდა გადაერთოს და მომხმარებელს პროდუქცია მხოლოდ ლარში უნდა შესთავაზოს.

რეკლამის შესახებ კანონსა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსში შესული ცვლილებებით კომპანიას, რომელიც ამ მოთხოვნას დაარღვევს, 5 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრება. „პირველი ივლისიდან იწყება უძრავი ქონების ლარში ფასდადება, შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო ამზადებს სპეციალურ მარკეტინგულ კლიპებს იმისთვის, რომ მოსახლეობასა და კერძო სექტორში გავზარდოთ ცნობადობა ამ კანონმდებლობის მიმართ. არავის აქვს სურვილი, რომ კომპანიები დაჯარიმდნენ, ამიტომ, ექვსი თვე მივეცით, ჩვენ კიდევ დავიხარჯებით, რომ ამ კანონის შესახებ ცნობადობა გაიზარდოს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ცვლილება ყველა სფეროს როდი შეეხება. სახელმწიფო გარკვეულ გამონაკლისებსაც აწესებს, როდესაც უცხოურ ვალუტაში ფასდადება კანონდარღვევად არ ჩაითვლება. ეს გამონაკლისები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების პროექტშია ჩამოთვლილი და ძირითადად უცხოეთთან ფინანსურ ურთიერთობას ეხება.

ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცხადებული ცვლილებები პირველ რიგში სამშენებლო სექტორის საქმიანობაზე გავრცელდება. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ საკითხზე დეველოპერული კომპანია „აი ჯი ეს ჯგუფის“ დირექტორს - შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა:

„რა თქმა უნდა, სწრაფვა იმისკენ, რომ ლარი მყარი ვალუტა გახდეს, მისასალმებელია, მაგრამ მთავარია, საიდან დავიწყებთ. ქართულ ლარს ბაზარზე მოქმედ ფინანსურ ოპერაციებზე უფრო ადრეული სტადიები აქვს გასავლელი. სამშენებლო ბიზნესის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მშენებლობა ძირითადად დოლარში მიმდინარეობს, მაგალითად, მე, როგორც დეველოპერი, სამშენებლო პროდუქციას დოლარში შევისყიდი და შესაბამისად, რამდენჯერმე მიწევს ვალუტის კონვერტირება. დოლარში უნდა შევიძინო სამშენებლო მასალა და შემოვიტანო, სხვაგვარად ვერ ვიმუშავებ. ამ სიტუაციიდან ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, რომ ამ პროდუქციას საქართველოში აწარმოებდნენ. ამ შემთხვევაში მე არ მომიწევს მისი დოლარში ყიდვა საზღვარგარეთ, რაც საქმიანობას გამიადვილებს. ეს კარგი იქნებოდა ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის, ასევე უძრავი ქონების ბაზრისთვისაც. ახლა კი, ხარჯი დოლარში მაქვს და პროდუქცია ლარში როგორ გავყიდო? - ეს კითხვა დღეს ალბათ ნებისმიერ დეველოპერს აწუხებს“, - აღნიშნავს შოთა გუჯაბიძე.

მისი შეფასებით, ეს ცვლილება მშენებლებს საქმეს გაურთულებს და ფინანსურ ოპერაციებს გააძვირებს.

„იმის გამო, რომ ყველაფერს დოლარში ვყიდულობ, ჩემს პროდუქტს ლარში ფიზიკურად ვერ გავყიდი, მაინც დოლარში უნდა გავყიდო. უბრალოდ, მისი ღირებულების ექვივალენტს გამოვაცხადებ ლარში. ზემოთ უკვე ვთქვი: უძრავი ქონების ბაზარი ლარზე რომ გადაერთოს, სამშენებლო მასალებს საქართველოში უნდა აწარმოებდნენ და ჩვენც ყველაფერს ლარში ვყიდულობდეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესის დაწყება სხვა ეტაპებიდან შეიძლებოდა. ფაქტობრივად, ბოლოდან დაიწყეს და არა - სათავიდან. ეკონომიკა უნდა განვითარდეს, ჯერ ადგილობრივ წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ ფიქრი ლარიზაციაზე. უცხოეთიდან შემოგვაქვს თითქმის ყველაფერი - ისეთი პროდუქციაც, რომლითაც საქართველო მდიდარია. მაგალითად, ბუნებრივი მოსაპირკეთებელი ქვები. რატომ უნდა ვყიდულობდეთ ბუნებრივ ქვებს სომხეთისგან, ან თურქეთისგან, როცა მათი მოპოვება ჩვენს ქვეყანაშიც შეიძლება? რაც შეეხება ჯარიმას, მე მგონი, მისი გამოცხადებაც ცოტა ნაადრევი იყო. ამ სიტუაციაში 5 ათასი ლარით დაჯარიმება მთლად კორექტული არ არის. თუ ეს დადებით შედეგამდე მიგვიყვანს, რატომაც არა, შეიძლება ყოველგვარი დისკომფორტი მოვითმინოთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს ყველაფერი საძირკვლიდან უნდა დაწყებულიყო“, - განაცხადა შოთა გუჯაბიძემ.

ამავე საკითხზე თავის შეხედულებას გვიზიარებს თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი ვახტანგ ჭარაია.

მისი თქმით, გადაწყვეტილება, რომ ფასდადება ლარში განხორციელდეს, სავსებით მისაღებია, ოღონდ ამის შესრულებას მხოლოდ მსხვილი ბიზნესი თუ შეძლებს. „როდესაც გარიგება ორ კერძო პირს შორის მიმდინარეობს, ამ გადაწყვეტილების შესრულება გაძნელდება. გამოგიტყდებით და, მე ძალიან მეეჭვება ვინმემ თავისი მანქანა, ან ბინა ლარში გაყიდოს, რადგან მოსახლეობა დოლარს, ან ევროს უფრო ენდობა. მსხვილი სამშენებლო კომპანიები ვერ გაექცევიან, რომ ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში ჰქონდეთ, მათი მომხმარებელიც იძულებული იქნება ლარი გადაიხადოს, მაგრამ თუ ვსაუბრობთ კერძო ბინის ყიდვა-გაყიდვაზე, ან მცირე კომპანიების მიერ აშენებული ბინების გაყიდვაზე, აქ ყველაფერი ისევ ძველებურად მოხდება. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ვერ შესრულდება, თუ შესაბამისი ორგანოები საკონტროლო შესყიდვებს არ განახორციელებენ და არ გაარკვევენ, ვინ ყიდის თავის პროდუქტს ლარში და ვინ - უცხოურ ვალუტაში“, - ამბობს ვახტანგ ჭარაია.

მისი თქმით, ძვირადღირებული ობიეექტების ყიდვა-გაყიდვა კარგად ასახავს ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობას.

„კარგია, რომ ხელისუფლება კანონის ძალით ცდილობს ლარის გამყარებას, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ამ მიზნისთვის ეკონომიკის გაჯანსაღების და ლარის პოპულარიზაციის ხარჯზე მიგვეღწია. მოსახლეობამ ლარზე არჩევანი იმიტომ კი არ უნდა გააკეთოს, რომ კანონი ავალდებულებს, არამედ იმიტომ, რომ ხალხი ეროვნულ ვალუტას უნდა ენდობოდეს. იძულებითი გზით ლარიზაციას ჯობია, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობამ ეკონომიკის წინსვლაზე იზრუნოს. როდესაც ეროვნული ვალუტის კურსი ეცემოდა, ყველა ვხედავდით, რომ ეროვნული ბანკი და მთავრობა ლარის ბედს ერთმანეთს აბარებდნენ - ასეთი მიდგომა არასწორია და ქვეყნისთვის სიკეთე არ მოაქვს“, - ამბობს ვახტანგ ჭარაია.

ხათუნა ჩიგოგიძე