მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბიზნესიდეების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან, ეკონომიკის, ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც პირველ ეტაპზე, კერძოდ, ბიზნესიდეების რეგისტრაციის პერიოდში, ჯამში 20 000-ზე მეტი შემოსული ონლაინ განაცხადი მოწმობს.

”ამჟამად, საქართველოს რეგიონების მასშტაბით მიმდინარეობს შემოსული განაცხადების გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ, რომლის შედეგებსაც 2017 წლის 25 ივნისისთვის, თავად კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეატყობინებენ განმცხადებლებს. შემდგომ ეტაპამდე კი გამარჯვებული ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ზოგადი ტრენინგი მეწარმეობისა და კერძოდ ბიზნესგეგმის წერის შესახებ”, - განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული პროცესის ადგილზე სანახავად 14 ივნისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი, ოთარ ანთია რეგიონებში, კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ განაცხადების გადარჩევის სამუშაო პროცესს დაესწრო, ადგილზე გაეცნო შემოსული განაცხადების სტატისტიკას და მოინახულა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა დაემატა, რომელიც გამიზნულია, როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისათვის, ასევე, არსებული ბიზნესის გაფართოება/გადაიარაღებისთვის. 2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 4 909 ბენეფიციარი და 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 29 155 007 ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების სახით გაცემულია 22 942 704 ლარი.