თბილისსა და ბათუმში პრეზერვატივების სავაჭრო აპარატები დაიდგმება

ბაზარზე პრეზერვატივების ქართული ბრენდი „აიისა“ გამოჩნდა.

სტარტაპის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მისი ავტორი ანანია გაჩეჩილაძე ესაუბრა.

„ბრენდის შექმნაზე მუშაობა აპრილში დავიწყე და ბაზარზე უკვე მაისიდან გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს მუდმივად სხვადასხვა დიზაინის მრავალფეროვან კოლექციას ვთავაზობთ. ბრენდის სლოგანია „ყველგან, სადაც შედიხარ“. ამით გვინდოდა მომხმარებლისთვის მიგვენიშნებინა, რომ ყველგან, სადაც შევა დახვდება „აიისაც“. რაც შეეხება სახელს, ცოტა სარკასტული, თუმცა პრეზერვატივის ქართული შესატყვისია, რადგან პროდუქტს მომხმარებლები აფთიაქში ზუსტად ამ სიტყვებით ითხოვენ,“ - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, წლის განმავლობაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პრეზერვატივის შესაძენად სავაჭრო აპარატებიც განთავსდება.

„მიწოდების ფორმის კუთხით იყო ხარვეზი და იმისათვის რომ პროდუქტის შეძენისას მესამე პირი უშუალოდ ჩართული არ ყოფილიყო, გადავწყვიტე მომხმარებლისთვის მიწოდების განსხვავებული ფორმა შემეთავაზებინა. წლის განმავლობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პროდუქტის შესაძენად სპეციალური სავაჭრო აპარატები გამოჩნდება. პირველ ეტაპზე, ზაფხულის სეზონზე ასეთი აპარატები ბათუმში, შემდეგ კი თბილისშიც გამოჩნდება. საუბარია, წლის ბოლომდე დაახლოებით 10 აპარატის განთავსებაზე. გარდა კლუბებისა და კომერციული ობიექტებისა, მიდის მოლაპარაკებები, რომ ეს აპარატები ქუჩებშიც დაიდგას,“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.