ქართულ ბაზარზე მალე მაყვლის ღვინო გამოჩნდება - 24 წლის სტუდენტის წამოწყება

სულ მალე ქართულ ბაზარზე, ტრადიციული ღვინის გვერდით, მაყვლის ღვინოც გამოჩნდება. ქართული თანამედროვე მეღვინეობის ისტორიაში ამ სიახლის დანერგვას 24 წლის მეწარმე და სტუდენტი გიორგი ლაცაბიძე გვპირდება. გიორგიმ, რომელიც თელავის აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და აგრონომიის ფაკულტეტზე სწავლობს, საკუთარი ბიზნესი ჯერ კიდევ 19 წლის ასაკში დაიწყო.

თავდაპირველად ის მარწყვის სანერგე ჯიშებს ჰყიდდა, რასაც "სამმაგი გვირგვინის" ჯიშის უეკლო მაყვალის მოყვანაც დაემატა. გიორგის მიერ მოყვანილი მაყვალი საშუალოდ 15-20 გრამს იწონის და ტყის ველური მაყვლისგან განსხვავებით, საოცრად არომატული და ტკბილია. წელს ახალგაზრდა მეწარმე 10 ტონა მაყვალს და 15 ტონა "სან ანდრეასის" მარწყვის მოსავალს ელოდება, თუმცა ის თავის მომხმარებელს მის მიერ გამრავლებული მაყვლისა და მარწყვის სანერგე ჯიშებსაც სთავაზობს.

ახალგაზრდა მეწარმე აპირებს გაზარდოს თავისი მეურნეობა და საკუთარი ნაწარმის ადგილობრივი ბაზრის გარდა, საერთაშორისო ბაზარზე გატანას გეგმავს. თუმცა მანამდე, გიორგი თავის მომხმარაბელს მაყვლის ღვინის გამოშვებას ჰპირდება.

"ძალიან დიდი მოთხოვნაა მაყვალზე, განსკუთრებით ბათუმში, რადგან ზუსტად ემთხვევა ტურისტულ სეზონს, ტურისტებს კი ის ძალიან მოსწონთ. ასევე რესტორნები დიდი ოდენობით იბარებენ და მისგან ამზადებენ წვენებს, მურაბებს, საწებელს. წელს ასევე ვაპირებ დავამზადო მაღალი ხარისხის მაყვლის ღვინო. სხვათა შორის, ის ძალიან სასარგებლოა და სამკურნალო თვისებები აქვს. ის არაფრით არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივ ყურძნის ღვინოს. რიგ შემთხვევაში, ის ყურძნის ბევრ ღვინოსაც კი ჯობია. მაყვალს აქვს ძალიან მდიდარი შემცველობა და არომატი. ის გამოირჩევა თავისი არომატულობითა და დახვეწილი გემოთი. ინგლისში, მაგალითად, სულ უფრო პოპულარული ხდება მაყვლის ღვინო და მოთხოვნაც საკმაოდ დიდია", - აცხადებს გიორგი ლაცაბიძე Georgian Journal-თან საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, მის მიერ მოყვანილი "სამმაგი გვირგვინის" ჯიშის მაყვალი შაქრის მაღალი შემცველობით გამოირჩევა (15%), რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მისგან დავამზადოთ კენკროვანი ღვინო, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრ ქვეყანაში. იხილეთ გაგრძელება

ლიკა ჭიღლაძე

Blackberry wine to hit the market – The success story of a Georgian student’s enterprise