რატომ ეწინააღმდეგება ბიზნესი 94-ე მუხლის ამოღებას

"მოდი, ვკითხოთ ხალხს, სურს თუ არა, რომ დამსაქმებელმა საპენსიო ფონდში მას ხელფასის 2% გადაუხადოს? ამაზე ხომ პასუხი დადებითი იქნება"

ბიზნესგაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციები კო­ნ­­სტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღ­ებას ეწინააღმდეგებიან. ამბობენ, რომ ამ მუხლის არსებული­ ფორმით შენარჩუნება აუცილებე­ლია სტაბილური ბიზნეს- და საინვესტიციო გარემოს შესანარჩუნებლად. 94-ე მუხლის თანახმად, ახალი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა დასაშვე­ბია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

გიგლა მიქაუტაძე, გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელი: - იშვიათად ვეხები­ პოლიტიკურ საკითხებს, მაგრამ მიკვირს, რატომ აქვს სოცი­ალ-დემოკრატების მცირე ჯგუფს ამხელა გავლენა უმრავლესობაზე­. სწორედ მათ ეკუთვნით კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღ­ების ინიციატივა. არადა, ხალხმა­ აირჩია "ქართული ოცნება", რომ­ელსაც არაფერი უხსენებია გადასახად­ების გაზრდაზე, პირიქით, მეტ ლიბერალიზაციას გვპირდებოდა და განსაზღვრული ნაბიჯები გადაიდგა კიდეც. ეს იდეა დღეს ნამდვილად ამოვარდნილია კონტექსტიდან. ჩვენ, ბიზნესასოციაციებს, გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა თუ ეკონომიკის მინისტრთან და ვერ ვიტყვი, რომ მყარი გარ­ანტია მივიღეთ, მაგრამ მათგან მოვისმინეთ, რომ ამ მუხლის ამოღების საკითხი აქტიურად აღარ განიხილება­.

ხშირად ამბობენ, ბიზნესმენები იმიტომ ეწინააღმდეგებიან 94-ე მუხლის ამოღებას, რომ საპენსიო რეფორმით გათვალისწინებული­ 2%-იანი გადასახადი არ დაეკისროთო. ეს არ არის არგუმენტი.­ კერძოდ, საპენსიო რეფორმის მოდელი გულისხმობს, რომ დამსაქმებელმა დაქირავებულს საპენსიო ფონდში ხელფასის 2% გადაუხადოს. 2%-ს თავად დასაქმებულიც იხდის და კიდევ ამდენივეს სახელმწიფო.­ საპენსიო რეფორმის ეს მოდელი კარგია თუ ცუდი, ცალკე საკითხია, მაგრამ ეს არის ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო შენატანი ოფიციალურად გადასახადი არ არის, მაგრამ ირიბად, შესაძლოა, ასე იყოს აღქმული. ჰოდა, თუ 94-ე მუხლია ბარიერი საპენსიო რეფორმისთვის, ჩვენ წინ გვაქვს ადგილობრივი არჩევნები, რომლის დროსაც შეგვიძლია რეფერენდუმის ჩატარება დამატებითი ხარჯების გარეშე. მოდი, ვკითხოთ ხალხს, სურს თუ არა, რომ დამსაქმებელმა საპენსიო ფონდში ხელფასის 2% გადაუხადოს? ამაზე ხომ პასუხი დადებითი იქნება. ამით მთავრობაც მოიგებს, ხალხიც იგრძნობს პასუხისმგებლობას, ჩართულობას ქვეყნის ცხოვრებაში და კონსტიტუციიდან ამ მუხლის ამოღების საჭიროებაც აღარ იარსებებს. ამიტომაც არის ეს არგუმენტი უადგილო. სწორი გზა იქნება მუხლის დატოვება,­ რადგან მისი გაუქმებით ინვესტორებს ვაფრთხობთ.

ცოტა ხნის წინ პარლამენტში­ ვიყავით შეხვედრაზე და კანონმდებლებმა გვითხრეს, ინვესტო­რები რატომ გააფეტიშეთო. პარლამენტარებს ავიწყდებათ, რომ ადგილობრივი მწარმოებელიც ინვესტორია, ის, ვინც თავის ფულს დებს წარმო­ებაში, ან ბანკიდან გამოაქვს სესხი და საქმეში აბანდებს. ინვესტორი მხოლოდ უცხოელი არ არის. არა აქვს მნიშვნელობა, ქართველია თუ არაქართველი, ინვესტორს ქვეყანაში სტაბილური საგადასახადო გარემო სჭირდება, ჩვენს ქვეყანას კი - ინვესტორები, რათა სამუშაო ადგილები შეიქმნას და ამდენი ღარიბი აღარ გვყავდეს.

ემა ტუხიაშვილი

წყარო „კვირის პალიტრა"