სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ბელორუსში ღვინის შეტანასთან დაკავშირებულ შეფერხებებს აქციზურ მარკებს უკავშირებს

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის ინფორმაციით, ბელორუსში ღვინის შეტანასთან დაკავშირებით შეფერხებები აქციზურ მარკებს უკავშირდება. ამის შესახებ შალვა ხეცურიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

ხეცურიანის ინფორმაციით, შეფერხება უკვე არსებობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

"ჩემი ინფორმაციით, ბელორუსში ღვინის შეტანის აკრძალვა არ არსებობს. უბრალოდ, არის რაღაც შეფერხება აქციზურ მარკებთან დაკავშირებით. ასეთი ინფორმაცია მაქვს მე ბელორუსი მეგობრებისგან და ალბათ, ამით არის გამოწვეული, რომ ბელორუსში ღვინის არასაკმარისი რაოდენობა არის ამ დროისათვის. აქციზური მარკის გაცემა არის შეფერხებული და სახელდება ტექნიკური მიზეზები. ოფიციალური აკრძალვა, ან ხარისხთან დაკავშირებით, ან რაიმე ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით, არ არსებობს", - განაცხადა შალვა ხეცურიანმა.

ამასთან, ხეცურიანი აღნიშნავს, რომ ბელორუსის ბაზარი საკმაოდ სერიოზულია.

"ბაზარი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან არის ძალიან მაღალი ცნობადობა ქართული ღვინის მიმართ", - აღნიშნა ხეცურიანმა.

ბელორუსში ქართული ღვინის იმპორტის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. მათი ცნობით, ქართული ღვინო არა მხოლოდ ჩვეულებრივ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში, არამედ ალკოჰოლის სპეციალიზებულ მაღაზიებშიც კი თანდათან ქრება.

ერთ-ერთმა ქართველმა ღვინის მწარმოებელმა კი bpn.ge-ს ანონიმურად განუცხადა, რომ ქართული ღვინის ექსპორტის შეჩერების მიზეზი ბელორუსში, მეზობელ ქვეყანაში წარმოებული ტრაქტორები გახდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აღარ ყიდულობს.

"ბელორუსის ხელისუფლება უკმაყოფილოა. შესაბამისად, ქვეყანაში ჩვენი ღვინის შეტანა შეაჩერა", - განაცხადა ქართველმა მეწარმემ.

ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ბელორუსში ქართული ღვინის შეტანა არ შეჩერებულა, თუმცა გარკვეული შეფერხებები არსებობს.

"ბელორუსში, ღვინის შეტანა არ აკრძალულა, არის გარკვეული შეფერხებები კონკრეტული პროცედურების გამო, რომელიც არის ძირითადად ღვინის იმპორტიორებთან დაკავშირებული. საქართველომ 2013 წელს მილიონ ნახევარ ბოთლზე მეტი ექსპორტი განახორციელა. ამ შეფერხებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო ბელორუსთან. ერთი კვირის წინ იყო ბელორუსის დელეგაცია საქართველოში, სადაც ეს საკითხი დაისვა. ერთი კვირის ვადაში მოხდება ქართული დელეგაციის ვიზიტი და იმედი მაქვს, რომ სამთავრობო დონეზე გადაწყდება ეს საკითხი და შეფერხებები მალე მოიხსნება", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.