პროკურორი - დღეს დაიკითხა ბიზნესმენი, რომელსაც გიორგი მამალაძემ, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ, თანხა სთხოვა

დღეს დაკითხულ პირებს შორის იყო ბიზნესმენი, რომლის მოტყუებასაც ცდილობდა ბრალდებული მამალაძე, რათა, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ თანხა ესესხებინა, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნადლისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, დაკავებული დეკანოზი იმ ბიზნესმენთან „უსასყიდლოდ ცხოვრობდა“, რომელსაც მამალაძემ 7 ათასი ევრო სთხოვა.

ამასთან, პროკურორის თქმით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ეს თანხა არ გადასცა, მამალაძემ 7 ათასი ევრო სესხის სახით აიღო.

„დღეს დაკითხულ მოწმეთა შორის ერთ-ერთი იყო ბიზნესმენი, რომლის სახლშიც ბრალდებული მამალაძე უსასყიდლოდ ცხოვრობდა. ამ პირმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი წაიყვანეს ბერლინში, ბრალდებული მამალაძე დაუკავშირდა და 7 ათასი ევრო სთხოვა, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ სჭირდებოდა, რათა წაეღო გერმანიაში. რეალურად, სისხლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ, ფარული ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 7 ათასი ევრო მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდის შესაძენად და გერმანიაში გასამგზავრებლად. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა უარი უთხრა, მამალაძემ მოგეხსენებათ, ეს თანხა სესხის სახით აიღო”, - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

ციანიდის საქმეზე, შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ივნისს, 11.00 საათზე, კვლავ ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.