„რეზონანსი" - გასაყიდად გამოტანილი ყველის ნახევარზე მეტი ფალსიფიცირებულია

სამომხმარებლო ბაზარზე ნატურალური ყველის დეფიციტია.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მისი თვითღირებულება გაცილებით მაღალია, ვიდრე რძის ან სოიოს ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტის ფასი. ამიტომ მწარმოებლები ფალსიფიკაციას აქტიურად მიმართავენ. რა წილი უჭირავს ასეთ პროდუქტს, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. დაუზუსტებელი მონაცემით კი, ყველის ბაზრის ნახევარზე მეტი ფალსიფიცირებულ ნაწარმს უჭირავს.

სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი ცვლილებების შეტანა "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში", რომელიც 2017 წლის 1-ლი ივლისიდან შედის ძალაში. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, დასახელება "ყველი" შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი აცხადებს, რძის ფხვნილისგან დამზადებული ყველის წარმოებამ ბოლო დროს მასობრივი მასშტაბი შეიძინა, რის გამოც ცვლილებების განხორციელება აუცილებელი გახდა.

"ცვლილებები გამოიწვია აუცილებელმა გარემოებამ. ბოლო პერიოდში, რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ მასობრივი ხასიათი მიიღო, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს. ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ასევე კეთილსინდისიერი ბიზნესმენების ხელშეწყობას, აგრეთვე ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას", - განაცხადა ჩეკურიშვილმა.

რეგლამენტი სულ რამდენიმე დღეში ამოქმედდება. ახლა მთავარია, შეიქმნას სტანდარტის მექანიზმი, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებას უფრო ეფექტურს გახდის. სოფლის მკეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის განყოფილების უფროსი ზურაბ ცქიტიშვილი ამბობს, რომ კარგი იქნება, თუკი ამაზე დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები იზრუნებენ და შეიმუშავებენ სტანდარტს, რომლითაც უნდა მოხდეს იდენტიფიცირება ადგილობრივ რესურსზე დამზადებული რძისა და აღდგენილი რძისგან მიღებული ყველის ამოცნობისათვის.

"ტექნიკურ რეგლამენტში რძე და აღგენილი რძე განმარტებულია ცალ-ცალკე. ამიტომ ყველი უნდა ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელიც რძისგან არის დამზადებული. მეწარმე ეტიკეტზე ვერ დააწერს "ყველს" ისეთ პროდუქტს, რომელიც აღდგენილი რძისგან იქნება დამზადებული. ეს კეთდება იმისთვის, რომ მომხმარებელთა უფლებები იყოს დაცული.

არ ვიცი, რამდენად გაითვალისწინებენ ამ მოსაზრებას ასოციაციები და რამდენად ყურად იღებენ საკითხის ასე მოგვარებას, ანუ სტანდარტის შექმნის იმართულებით გააქტიურდებიან თუ არა. ძალიან კარგი ცვლილებაა. მისი გამოყენება და ამოქმედება ასეთი სტანდარტის მექანიზმის გარეშე წარმოუდგენელია", - აცხადებს ცქიტიშვილი.

საინტერესოა, რეგლამენტის დაწესება მოახდენს თუ არა გავლენას ნატურალური ყველის ფასზე. ცქიტიშვილის აზრით, სავარაუდოდ, პროდუქტი არ გაძვირდება და დარჩება ის ფასი, რომელიც ახლა აქვს რძისგან დამზადებულ ყველს.

"სოციალურ და ეკონომიკურ საკითხზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ახლა მნიშვნელოვანია, არ მოვატყუოთ მომხმარებელი და ეტიკეტზე პროდუქტის შემადგენლობა ზუსტად იყოს ასახული. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, მაგრამ მისი ეფექტური გამოყენებისთვის საჭიროა იდენტიფიცირების მექანიზმების შექმნა", - დასძენს ზურაბ ცქიტიშვილი.

მომხმარებელთა უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ აგრარული ბაზრის კონტროლი არ იქნება მარტივი, რადგან გლეხები რეალურად ვერ შეძლებენ შესაბამისი პროცედურის გავლას და მათ მიერ წარმოებული პროდუქტის ლაბორატორიულ კვლევას. ერთ-ერთი პირობა კი, რომელიც სოფლის ყველს ფალსიფიკაციისგან დაიცავს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" ხელმძღვანელ ამირან შენგელიას განმარტების, სარეალიზაციო პუნქტებზე კონტროლის გაძლიერებაა.

"დღესდღეობით ბაზრის ნახევარზე მეტი რძის ფხვნილისგან დამზადებულ ყველს უჭირავს. ცალკე თემაა სოიოს ყველი, რომელიც უკვე სხვა პროდუქტია, მას სამარხვო ყველსაც უწოდებენ. სხვათა შორის, სოიოსგან ამზადებენ კარაქსაც, მისი წარმოება დაშვებულია, მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტზე ზუსტი შემადგენლობა მითითებული.

ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის განვითარებული ფერმერული მეურნეობა. სოფელში შეიძლება თითზე ჩამოსათვლელადაც არ იყვნენ გლეხები, რომელთაც 10 სული ძროხა ჰყავთ. 3-4 მეწველი პირუტყვი მაინც უნდა ჰყავდეთ, რომ მისგან მოგება მიიღონ. გლეხი თავის შვილებს "პარავს" 2-3 ლიტრ რძეს, რომ ყველი დაამზადოს და გამოიტანოს ბაზარზე გასაყიდად.

სურსათის უვნებლობამ მიიღო კარგი კანონი, მაგრამ მისი მეშვეობით საოჯახო პიროებში დამზადებული ყველის ხარისხის კონტროლი ძნელი იქნება. გლეხი ვერ მოახერხებს საკუთარი პროდუქტის ლაბორატორიულად შემოწმებას. თუკი კონტროლი გამკაცრდა, მომხმარებელი უფრო დაცული იქნება, რადგან მის მიერ შეძენილ საკვებს შესაბამისი შემოწმება გავლილი ექნება", - აცხადებს შენგელია და დასძენს, რომ შესაძლოა, ოჯახურ პირობებში დამზადებულ ყველს მყიდველი შემოაკლდეს, რადგან პროდუქტის შეფუთვაში არ იქნება მითითებული დამზადების თარიღი, შემადგენლობა და ვარგისიანობა.

"გლეხს არ აქვს საშუალება, პროდუქტი შეფუთოს და გაყიდოს. მეწარმეს ეს შეუძლია. მიმაჩნია, რომ ყველი არ უნდა იყიდებოდეს ყველგან, მით უმეტეს, ქუჩაში. ამიტომ სარეალიზაციო ადგილიც მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული და ყველის რეალიზაცია მხოლოდ ბაზრებსა და მაღაზიებში იყოს ნებადართული", - აღნიშნა ამირან შენგელიამ.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ახალი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს ბიზნესოპერატორების დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1 200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"