ლანჩხუთში სამკერვალო საწარმო ფართოვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში რიგით 209-ე პროექტი ქალაქ ლანჩხუთში ამოქმედდება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროდან იუწყებიან, შპს „ელსელემა“ სამკერვალო საწარმოს რესტავრაციასა და უახლესი მანქანა-დანადგარებით აღჭურვას გეგმავს. მაღალი სტანდარტების სამკერვალო საწარმო მომხმარებელს მაღალხარისხიან პროდუქციას შესთავაზებს.

სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ელსელემა“ ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოა და იგი უკვე თანამშრომლობს იტალიისა და შვეიცარიის წამყვან ევროპულ კომპანიებთან მათ შორის „მონკლერთან.“ ამჟამად კომპანიაში 150 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს სრული ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 300 ადამიანამდე გაიზრდება.

შპს „ელსელემა,“ 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება. საწარმო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 866 000 ლარს შეადგენს.