კახეთში ატმის რეალიზება უჭირთ - „მომავალ წელს გაკაფვას ვაპირებ“

კახეთში გლეხებს ატმის რეალიზება უჭირთ. საბითუმო ბაზრებში ატმის ფასი 30-40 თეთრამდე მერყეობს. თუმცა რამდენიმე დღის წინ 10 თეთრიც კი ღირდა.

როგორც ადგილობრივებმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, აზერბაიჯანის მხარემ საბაჟოზე გადასახადი გაზარდა, რის გამოც კახეთიდან აზერბაიჯანში დიდი რაოდენობით ატამი ვეღარ გადის.

როგორც გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანის მკვიდრმა გიორგი თოხარიკაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, ატამი იმდენად ბევრია, რომ რეალიზება უჭირთ.

„ატამის ფასი 30-40 თეთრამდე მერყეობს, გააჩნია ატმის ხარისხს. 10 თეთრიც კი ღირდა, თუმცა რამდენიმე დღეა ცოტა უკეთესი სიტუაციაა. ატამი იმდენად ბევრია, რომ ადგილობრივი ბაზარი ფასებს ვერ არეგულირებს", - ამბობს გიორგი თოხარიკაშვილი.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ვიდრე ატამი თბილისში ჩავა და იქაურ დახლებზე განთავსდება, გადამყიდველების ხელში გადის და ამიტომ დედაქალაქში კილო ატმის ფასი 1.50 ლარს აღწევს.

"ხშირად ისეც ხდება, რომ ჭარბი რაოდენობის გამო თბილისში გასაყიდი ატამი დახლებზე რჩება და მერე ნაგავში იყრება. ნაწილი ატამს სულაც ხეზე ტოვებს, რადგან ატმის დასაკრეფად რამდენიმე მუშა გჭირდება, რომელიც 30 ლარი ღირს. ასევე საჭიროა ტრანსპორტირების ხარჯები", - აღნიშნავს გიორგი თოხარიკაშვილი.

მისი თქმით, სოფელ ჩუმლაყში ძალიან დიდი პლანტაციებია, რომელმაც პატარ-პატარა მიწები მთლიანად დაჩრდილა. როგორც თოხარიკაშვილმა განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 10 ივლისს წვენების ქარხნის გახსნას აპირებს, თუმცა მათთვის დაგვიანებული იქნება.

„ძალიან კარგი იქნება თუ ატამს 80 თეთრად მაინც გავყიდით. ეს ფასი ყველა ხარჯს დაფარავდა. რასაც ვხარჯავ, იმის ნახევარსაც ვერ ვიღებ. მომავალ წელს ატმის გაკაფვას ვაპირებ“, - განაცხადა თოხარიკაშვილმა.

ლიკა ამირაშვილი