სახელმწიფომ კაზინო და ტოტალიზატორები დააჯარიმა

ბოლო 3 თვეში სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის სათამაშო ბიზნესის 23 სუბიექტი დაჯარიმდა.

აქედან 1 სამორინე და 4 ტოტალიზატორი იყო. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ტოტალიზატორებისა და სამორინის გარდა, 16 - წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელი და 2 - სათამაშო აპარატების სალონის ნებართვის მქონე პირი დაჯარიმდა.

„2017 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში 55 შერჩევითი შემოწმება განხორციელდა. სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის სულ 23 ნებართვის მფლობელი პირი დაჯარიმდა. კერძოდ, სამორინეს ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შემოწმება 4-ჯერ ჩატარდა და დაჯარიმდა 1 პირი; სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შემოწმება 10-ჯერ ჩატარდა და 2 პირი დაჯარიმდა; 20-ჯერ შემოწმდა ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელი პირები და დაჯარიმდა 4; ლოტოს მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შემოწმება ჩატარდა ერთხელ; ხოლო წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელ პირთა მიმართ შემოწმება 20-ჯერ განხორციელდა და სულ 16 პირი დაჯარიმდა,“ - ნათქვამია შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, წამახალისებელი გათამაშების ორგანიზატორთა მხრიდან ძირითადად დაირღვა - გათამაშების პროცედურები (პრიზების რიგითობა, პრიზების რაოდენობა), გათამაშების შედეგების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვადები და ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის წესების დარღვევა. სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონისა და ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელების მიერ კი ძირითადად შემდეგი სანებართვო პირობები დაირღვა: თამაშის წესების განუთავსებლობა/არასრულად განთავსება თამაშობის ადგილას; გაცემულ მოგებათა არასრული წარმოება; ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმის წარუდგენლობა/ვადის დარღვევა და სალაროს მოწყობის წესების დარღვევა (საგანგაშო ღილაკით, ჯავშნიანი მინით მოწყობა).

რაც შეეხება სანქციებს, დარღვევების გამო სამორინე - 7 000 ლარით; ტოტალიზატორები - თითოეულ შემთხვევაში 2 ათასი ლარით, სათამაშო აპარატების სალონი და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელი პირები კი - 1 000-1 000 ლარით დაჯარიმდნენ.

თაია არდოტელი