„რეზონანსი" - საქართველოში მეორადი საბურავების გადამუშავება იწყება

საქართველოში მეორადი საბურავების გადამუშავება უკვე შესაძლებელია. ინოვაციური პროექტის ფარგლებში, მულტიფუნქციური სპორტული მოედნებისა და მოდერნიზებული ასფალტის წარმოება იგეგმება.

ახალ ბიზნესწამოწყებას ბიძგი გაზეთმა "რეზონანსმა" და მისმა კვლევამ მისცა.

ახალგაზრდა ბიზნესმენების - გივი ბაზღაძისა და ზურაბ სამხარაძის თაოსნობით, თბილისში, მოსკოვის გამზირზე, მეორადი საბურავების გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო. პროექტის ინიციატორთა თქმით, "რეზონანსის" ერთ-ერთი სტატიის გაანალიზებით დაბადებული იდეა რეალობად "საპარტნიორო ფონდის" მხარდაჭერით იქცა.

მეორადი საბურავების გადამუშავებას ახორციელებს კომპანია "თი ერ სი", სადაც პლასტმასების, კაუჩუკის, რეზინისა და მათი ნაწარმის წარმოება უმაღლეს დონეზე ხდება. კომპანიის დირექტორ გივი ბაზღაძის ინფორმაციით, წარმოება ერთი საათის განმავლობაში 400-500 კილოგრამი მეორადი საბურავების გადამუშავებაზე არის გათვლილი.

"ჩვენი საწარმო მოიცავს მეორადი გადაყრილი საბურავების გადამუშავებას. აქედან ვიღებთ რეზინის გრანულებს, ტექსტილის ბოჭკოს და რკინის ნამცეცებს. რეზინის გრანულებს გამოვიყენებთ მულტიფუნქციური მოედნებისთვის, რომლის ერთ ნაწილში მოეწყობა ჩოგბურთის კორტები, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნები.

დამერწმუნეთ, რომ ჩოგბურთის კორტებზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან რთული და ამ სპორტის მოყვარულთათვის კორტების მომსახურებით სარგებლობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ცხადია, არც კალათბურთის მოედნებით ვართ განებივრებული. ჩვენი საწარმოს ამოქმედებით სპორტული მოედნების გახსნასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას შევუწყობთ ხელს", - აცხადებს ბაზღაძე.

კიდევ ერთი ძირითადი პროდუქტი, რომლის წარმოებასაც "თი ერ სი" გეგმავს, მოდერნიზებული ასფალტია.

"ქვაფენილიან ქუჩებში, რომელიც საკმაოდ ხმაურიანია, შესაძლებელია ასეთი ტიპის ასფალტის დაგება. ვმუშაობთ, რომ ეს სტანდარტი დავნერგოთ. გამოვიკვლიეთ და თბილისის 10 მუნიციპალიტეტი აქამდე 3 მილიონი ლარის კაუჩუკის ფილებს მოიხმარდა. ეს პროდუქცია ძირითადად თურქეთიდან შემოდის და საკმაოდ ძვირია. თუ მოდერნიზებული ასფალტის წარმოებაზე გადავალთ, ჩვენი პროდუქტი იმპორტირებულზე 2-ჯერ იაფი დაჯდება, რითაც ტენდერში გამარჯვებული კომპანიები 2,5-ჯერ მეტი ფილის დაგებას შეძლებენ.

აქტიურად ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რათა ქვეყანაში რეზინის ასფალტის წარმოება განვითარდეს. ჯამში, რამდენიმე ინოვაციური პროექტის განხორციელებას ვაპირებთ. ეს იქნება ერთგვარი მესიჯი საზოგადოებისთვის რომ საბურავების გადაგდება არ შეიძლება. აქამდე მეორადი საბურავები მთელი საქართველოს პრობლემა იყო. ჩვენ ვართ პირველები, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია", - აცხადებს გივი ბაზღაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მეორადი საბურავები ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან და იაპონიიდან შემოდის. ამორტიზებული საბურავების გადამუშავება განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილისთვისაც კი პრობლემაა, ამიტომ ისინი ნარჩენების თავიდან მოსაცილებლად საქართველოს მსგავს ქვეყნებს იყენებენ.

საქართველოს პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ მეორადი საბურავების პრობლემა მოგვარდეს და ხელი შეეწყოს წარმოების სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას.

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამორტიზებული საბურავების და რეზინის სხვა ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: საბურავების და რეზინის სხვა ნარჩენების შეგროვება და ნედლეულის დასაწყობება; ნედლეულის დაჭრა სპეციალურ დაზგაზე (კასეტაში ნედლეულის მჭიდროდ განთავსების მიზნით; სასურველია, საბურავი დაიჭრას ისე, რომ ცალკე გამოიყოს კიდის (ბორტის) და ცალკე პროტექტორების ნაწილი); ნედლეულის ლითონის კასეტაში (რეტორტაში) ჩატვირთვა და პიროლიზის ღუმელი ჩაშვება, რომელიც ხურდება 450 გრადუსამდე. რეზინის თერმული დაშლის პროცესში გამოიყოფა სინთეტიკური ნახშირწყალბადების ნარევი, რომელიც მაცივარში (გასაცივებელში) გავლის შემდეგ კონდენსირდება ე. წ. პიროლიზურ ზეთში. გაზის ნაწილი მიეწოდება ღუმელში და გამოიყენება პიროლიზის პროცესისთვის; პროცესის დამთავრების შემდეგ ღუმელში იტვირთება შემდეგ კასეტა; ღუმელიდან ამოღებულ კასეტაში რჩება ტექნიკური ნახშირბადი და მეტალოკორდის ნარჩენები. გაციების შემდეგ ხდება მიღებული მასალის განცალკევება და დასაწყობება. მიღებული თხევადი ფრაქცია მიეწოდება რეზერვუარებს დაგროვების შესაბამისად, მიღებული პროდუქტები სარეალიზაციოდ იგზავნება.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"