"ვერტიკალური პარკირების მექანიზმზე  40-მდე პოტენციური შეკვეთა მივიღეთ"

ვერტიკალური პარკირების მექანიზმის ორმოცამდე პოტენციური შემკვეთი არსებობს.

ამის შესახებ ”ბინზესპრესნიუსს” პროექტის ავტორმა მალხაზ ცისკარიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მერიასთან შეთანხმების პერიოდი მიმდინარეობს, საიდანაც მოწყობილობის ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტს ელოდებიან. როგორც მალხაზ ცისკარიშვილი ამბობს, დაკვეთის მსურველები კერძო ბიზნესის წარმომადგენლები არიან. მოთხოვნა 4-10 ადგილიან ვერტიკალური პარკინგის მექანიზმზეა.

”ორმოცი პოტენციური შემკვეთი არსებობს, რომლებიც ელოდებიან მოწყობილობის ექსპლუტაციაში მიღების შესახებ დადგენილებას. დამკვეთები კერძო ბიზნესის წარმომადგენლები არიან. ზოგს კერძო ეზო აქვს საკუთრებაში, ზოგს ბიზნესის წამოწყება სურს ამ კუთხით. თითოეული მათგანი სხვადასსხვა რაოდენობის კონსტრუქციას გვიკვეთავს, ზოგს ათი უნდა, ზოგს ორი. ეს ორმოცივე მსურველი თბილისიდან არის, თუმცა დაკვეთის სურვილი ბათუმიდანაც გამოთქვეს. ბათუმიდან იყვნენ ჩამოსულები და მითხრეს, რომ 50-60 ცალი შეიძლება დასჭირდეთ, იმიტომ რომ, თურმე ბათუმში პარკირების ძალიან დიდი პრობლემაა. ზოგადად ბიზნესისთვის ვისაც სურს, ყველას 8-10 ადგილიანი ვერტიკალური პარკინგის შეკვეთა სურთ, კერძო პირებს 4 ადგილიანიც უნდათ”, - განაცხადა მალხაზ ცისკარიშვილმა ”ბინზესპრესნიუსთან” საუბრისას.

მისივე თქმით, მხოლოდ თბილისს ამ ეტაპზე ვერტიკალური პარკირების 1 000 ცალი მექანიზმი სჭირდება, ბათუმს კი 500-600 ცალი. როგორც მალხაზ ცისკარიშვილმა განაცხადა, 1 500 კონსტუქციის დამზადებით ათასობით ადამიანი დასაქმდება.