„ქართველმა სტარტაპერებმა უნდა გაიგონ, რომ ბიზნესმა შესაძლოა თავიდანვე არ გაამართლოს“

Startup Grind - ეს არის გლობალური ერთობა, რომელის მიზანიც ინოვაციური მეწარმეობის პოპულარიზება, მეწარმეების ერთმანეთთან დაკავშირება, წარმატებული სტარტაპების გამოვლენა, მათ მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა და ახალგაზრდების შთაგონებაა.

Startup Grind-ის ოფიციალური გლობალური სპონსორია Google for Entrepreneurs.

მეწარმეთათვის გამოცდილების გაზიარება ხორციელდება ყოველთვიური ბიზნეს ღონისძიებებისა და საუბრების სერიების მეშვეობით.

პირველი Startup Grind, რომლის მიზანიც იყო სტარტაპების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, თბილისში 2014 წელს ჩატარდა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და "Georgian Entrepreneurs Network"-ის ორგანიზებით.

Startup Grind-is ხელმძღვანელი, კომპანია Root Deeper Marketing-ის მთავარი სტრატეგი კოლინ დონაჰიუ თბლისში იმყოფება. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.

- რა არის Startup Grind -ის მთავარი იდეა, მისი მიზანი და რა შესაძლებლობებს სთავაზობს მეწარმეებს?

- ხშირად ისე ხდება, რომ დამწყები მეწარმეები ერთგვარად იზოლირებულები არიან. შესაბამისად, Startup Grind-ის მთავარი მიზანია მათი დაკავშირება გამოცდილ ადამიანებთან, რათა მოხდეს იდეების გაცვლა, შესაძლოა ინვესტორებმა იპოვონ მათთვის საინტერესო კომპანიები და დაეხმარონ მათ მომავალ საქმიანობაში. მთავარი იდეა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ ჩამოყალიბდეს საზოგადოება, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ინფორმაციის მოპოვება, ურთიერთობების გაღრმავება იმავე სფეროში მომუშავე სუბიექტებთან, მათ მიეცემათ ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა და გარდა ამისა,თავს იგრძნობენ უფრო მეტად ოჯახურ და მეგობრულ გარემოში. ყველა წარმატებულ კომპანიისათვის საქართველოში ეს იქნება ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის შანსი.

- ქართული ეკონომიკური რეალობა ძალიან განსხვავდება ამერიკულისგან. რამდენად მოერგება Startup Grind ქართველ მეწარმეებს და როგორ გადაჭრის მათ წინაშე არსებულ პრობლემებს?

-ეჭვგარეშეა, რომ ქართველი მეწარმეებისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ისინი შეხვდებიან უფრო გამოცდილ კოლეგებს, მიიღებენ ახალ რჩევებს და იდეებს და დაამყარებენ ურთიერთობებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ქართველ მეწარმეებს მიეცემათ უცხოელი ინვესტორების ყურადღების მიპყრობის შესაძლებლობა.

- ანუ Startup Grind დიდი სარგებლის მომტანი იქნება ქართველი სტარტაპერებისათვის.

- დიახ, ასე ვფიქრობ. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა აღმოვაჩინოთ საქართველოში. შეიძლება ადამიანი არ იყოს კომპანიის მფლობელი, მაგრამ სურდეს გახდეს ამ ყველაფრის ნაწილი. ქართველმა სტარტაპერებმა უნდა გაიგონ, რომ ბიზნესმა შესაძლოა თავიდანვე არ გაამართლოს. მთავარია სცადო წარმატების მიღწევა. მთავარი ისაა, რომ გამოცდილებას შეიძენ და ისწვლი საკუთარ შეცდომებზე. ბევრი წარმატებულ კომპანიას მფლობელს თავიდან ძალიან უჭირდა მუშაობა, მაგრამ მათ არ ეშინოდათ შეცდომების დაშვების და ცდილობდნენ წარმატების მიღწევას. არ უნდა გავაკრიტიკოთ ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ მიზნის მისაღწევად, რადგან ეს თვითგანვითარების ერთადერთი გზაა.

- საუბარში შევეხეთ უცხოელი ინვესტორების თემას. როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველი ქვეყანაა საქართველო უცხოელი ინვესტორებისათვის?

-დიახ. საერთოდ, საქართველოში კარგი გარემოა ბიზნესის განვითარებისათვის. აქ არ არის დიდი კაპიტალი, რაც უფრო საინტერესოს ხდის ახალი ღირებულებების აღმოჩენას. პრობლემა ისაა, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის მორგებული Startup Grind-ის გარემოს. ეს ერთგვარი ბალანსია, რომლის მიღწევასაც დრო დასჭირდება. საქართველომ მყარი რეპუტაცია უნდა მოიპოვოს, ამ საკითხზე მუშაობას კი წლები დასჭირდება.

- ანუ Startup Grind- ი ხელს შეუწყობს უხოელი ინვესტორების დაინტერესებას საქართველოთი?

-ნამდვილად. შესაძლოა აქ ჩამოვიდეს ხალხი, რომლებიც უშუალოდ არ განახორციელებენ ინვესტიციას საქართველოში, მაგრამ რეკომენდაციას გაუწევენ უცხოელ კოლეგებთან. საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაც ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

იხილეთ ინგლისური ვერსია: Startup Grind Georgia to assist Georgian startups on their way to success

ბედისა დუმბაძე