"მზად ვართ უკრაინულ ბიზნესწრეებს შევთავაზოთ საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები"

დღეს ჩვენ მზად ვართ უკრაინულ ბიზნესწრეებს შევთავაზოთ საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები ბიზნესის განვითარებისთვის , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესსექტორთან თანამშრომლობას, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ის არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა. დღეს ჩვენ მზად ვართ უკრაინულ ბიზნესწრეებს შევთავაზოთ საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები თურქეთთან, ჩინეთთან, ჰონკონგთან და მომავალი წლის ბოლოდან, დიდი ალბათობით, ინდოეთთან, რადგან უკვე არსებობს ორმხრივი დაინტერესება და კონსულტაციებიც დაწყებული გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ბიზნესფორუმი საინტერესოდ წარიმართება, გამოიკვეთება კონკრეტული ბიზნესინტერესები და გაჩნდება ბიზნესთანამშრომლობის ახალი პერსპექტივები”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა სულ მალე ისეთ დონეს მიაღწევს, როგორიც ორი ქვეყნის ისტორიულ და პოლიტიკურ ურთიერთობებს შეეფერება.

”ამის იმედს მაძლევს ბატონ პრეზიდენტთან შეხვედრა, სადაც ძალიან საინტერესო ინიციატივები განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობს შემდგომი განვითარებისთვის მრავალი მიმართულებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ყველა ამ ინიციატივის განხორციელებას და ხორცშესხმას. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ ყველას”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.