„ვისოლ ჯგუფი“ „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს გახსნის

„ვისოლ ჯგუფი“ ხვალ, „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს გახსნის.

როგორც  „ვისოლ ჯგუფიდან“ იუწყებიან, ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-9, ხოლო „დანკინ დონატსისთვის“ მე-18 ობიექტია.

მიმდინარე წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი” ამერიკული რესტორნების ქსელს კიდევ გააფართოებს და ბათუმსა და ქუთაისში დამატებით ოთხ ობიექტს გახსნის და ჯამში 150-მდე ადამიანს დაასაქმებს.

„ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად „ვენდიმ“ სიურპრიზი მოამზადა და ამიერიდან მომხმარებელს ახალ „საოჯახო მენიუს“ შესთავაზებს, რომელიც რესტორანში ოჯახების სტუმრობას ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის. გახსნის საზეიმო ცერემონიის სტუმრებს სპეციალური შეთავაზებები, შთამბეჭდავი „დრამ სქულის“ შოუ, ილუზიონისტის პერფორმანსი და გემრიელი სიურპრიზი ელის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც „ვისოლ ჯგუფში“ განმარტავენ, „ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება კი „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტირებული პროდუქტები ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფი” „თბილისი მოლში“ „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხვალ 17:00 საათზე გახსნის.