საქართველოში ნაკლებად გავრცელებული აგროპროდუქტები, რომელთა მოყვანაც მომგებიანია

სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 9,3%-ს შეადგენს, მაშინ როცა ამ სფეროში ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია ჩართული.

მონაცემები გვიჩვენებს, რომ აგროსფერო ჩვენს ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი არ არის, ამ ტენდენციის შესაცვლელად კი სპეციალისტები ბიზნესს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და ახალი პროდუქტების წარმოებას ურჩევენ.

სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტის, ირაკლი ჩიქავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე მუდმივად ჩნდება ახალი პროდუქტები, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია და საქართველოს განვითარებაც სწორედ სიახლეებთან ადაპტირებით უნდა მოხდეს. რაც შეეხება კონკრეტული პროდუქტების წარმოებას, ირაკლი ჩიქავა განმარტავს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ამ მხრივ თავისი უპირატესობები კლიმატური პირობების მიხედვით აქვს.

"მაგალითად, სამეგრელო თხილის წარმოების მხრივ სწორ გზაზე დგას, თუმცა სიახლე ამ რეგიონში უკვე დაინერგა. კერძოდ, ფერმერებმა მოცვის წარმოება აქტიურად დაიწყეს. ის საკმაოდ რენტაბელური და ეკონომიკურად გამართლებული პროდუქტია, ბაზარზეც საკმაოდ ძვირი ღირს. ამჟამად, სამეგრელოსა და გურიის ტერიტორიაზე მოყვანილი მოცვის ექსპორტი ევროპაში ხდება და ერთი კილოგრამის ღირებულება 3-5$-ის ფარგლებში მერყეობს, შესაბამისად მისი წარმოება საკმაოდ მომგებიანია," - განმარტავს სპეციალისტი.

მოცვის წარმოება არამხოლოდ გურიასა და სამეგრელოში, არამედ ციტრუსით, განსაკუთრებით კი, მანდარინით მდიდარ აჭარაშიც პრიორიტეტული ხდება.

"გარდა იმისა, რომ საექსპორტო ბაზარზე მანდარინს კარგი ნიშა უჭირავს, მოცვის წარმოებამ აქაც მოიკიდა ფეხი, რაც რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - აღნიშნავს სპეციალისტი.

კახეთი ვაზითა და ატმით ცნობილი რეგიონია, თუმცა ჩიქავას თქმით, აქ რესურსების არასწორად განკარგვა ხდება, რაც ჭარბწარმოებასა და რეალიზაციის სირთულეში აისახება.

"მაგალითად, საფერავს ჭარბად ვაწარმოებთ, შესაბამისად, დაბალი ფასი აქვს და რეალიზაცია რთულდება, არადა შესაძლებელია, მისი მოყვანა შევამციროთ და სუფრის ყურძნის წარმოება დავიწყოთ, რომელიც ახლა სომხეთიდან შემოგვაქვს, თანაც საკმაოდ მოთხოვნადია და ფასიც შედარებით მაღალი აქვს.

ფერმერებმა კახეთში ატმის წარმოება უნდა შეამცირონ და კაკლოვანი კულტურების, კერძოდ, ნუშისა და პეკანის (კაკლის სახეობა) მოყვანა დაიწყონ.

პეკანის წარმოება საქართველოში ამჟამად არ ხდება, ნუშის წარმოება კი შედარებით გაზრდილია. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნუშს 20 ჰექტარ მიწაზე ვაწარმოებდით, რაც ახლა დაახლოებით, 2 000 ჰექტარამდეა გაზრდილი. ფერმერებმა ბაზარზე გადაწყობა და მორგება უკვე დაიწყეს, თუმცა არასამკარისად. მაგალითად, თუ ფერმერი ატმის ნაცვლად გააშენებს ნუშის ბაღს, მის პროდუქციას დიდი კომპანიები შეისყიდიან და ატმის ჭარბწარმოების პრობლემა აღარ ექნება," - აღნიშნავს ირაკლი ჩიქავა.

კაკლოვანი კულტურების წარმოება საქართველოში ფეხს აქტიურად რომ იკიდებს, ამას "საქართველოს ფისტის ასოციაციის" შექმნა და ორგანიზაციის მიერ ნერგების გავრცელებაც მოწმობს. ფისტა მშრალი, ნახევრადუდაბნო ნიადაგის მოყვარულია, შესაბამისად, მისი დარგვა თბილისის შემოგარენში, კახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და მესხეთში არის შესაძლებელი.

"საქართველოს ფისტის ასოციაციის" აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის, ოთარ ანგურიძის თქმით, ფისტას კაკლოვან კულტურებში ყველაზე მაღალი ფასი აქვს.

"დღეს მაღაზიებში 1 კილოგრამი იმპორტირებული ფისტას ფასი 60 ლარია, შესაბამისად, ყველაზე მომგებიან კულტურად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე, ფისტას უპირატესობა მისი ხანგრძლივი მსხმოიარობაა. გარდა ამისა, მას განსაკუთრებული მოვლა და მორწყვა არ სჭირდება," - განმარტავს ანგურიძე. იხილეთ გაგრძელება