Michael Kors-ი ფეხსაცმლის მწარმოებელ ბრიტანულ ბრენდ Jimmy Choo-ს 1.2 მილიარდ დოლარად შეიძენს

ცნობილი ამერიკული ბრენდი Michael Kors-ი ბრიტანულ ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელ Jimmy Choo-ს 1.2 მილიარდ დოლარად შეიძენს.

ბოლო წლებში შემცირებული გაყიდვების გამო ბრიტანული ბრენდის გაყიდვა აპრილში გადაწყდა.

გარიგების ფარგლებში, Michael Kors-ი Jimmy Choo-ს ერთი აქციის სანაცვლოდ 230 პენსს გადაიხდის. გარიგება 2017 წლის მეოთხე კვარტალში შედგება.

Jimmy Choo-ს მთავარი აქციონერი კომპანია JAB Holding-ია, რომელსაც გერმანელი მილიარდერის რეიმანის ოჯახი ფლობს.

Michael Kors-ში აცხადებენ, რომ Jimmy Choo-ს გაყიდვებს ერთ მილიარდ დოლარამდე გაზრდიან და ასევე მოახდენენ პროდუქციის დივერსიფიკაციას.

ბრიტანული ბრენდი ბაზარზე 90-იან წლებში გამოჩნდა და მალევე გახდა პოპულარული. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც Jimmy Choo-ს ფეხსაცმლით პრინცესა დიანა გამოჩნდა. ამ ბრენდის ფეხსაცმლით ასევე ხშირად ჩანდა ეკრანზე ცნობილი სერიალის - „სექსი დიდ ქალაქში“ გმირი კერი ბრედშოუ.