ქართული წარმოების საბავშვო ჩიფსი ბაზარზე აგვისტოს ბოლოდან გამოვა

კომპანია "ფრეკო" საბავშვო ჩიფსის წარმოებას იწყებს, რომელიც ბაზარზე აგვისტოს ბოლოდან გამოჩნდება.

როგორც ”ფრეკოს” დამფუძნებელი ირაკლი ქურდაძე ”ბიზნესპრენიუსთან” საუბრისას აცხადებს, საბავშვო ჩიფსს დანამატები არ ექნება.

”აგვისტოს ბოლოსთვის ვგეგმავთ დავიწყოთ სატესტო წარმოება. დაახლოებით 20 000 პაკეტი ჩიფსი იქნება, ყოველგვარი დანამატების გარეშე, იქნება მხოლოდ შემარილებული. შეფუთვები 25 გრამიანი იქნება და სავაჭრო ობიექტებში თბილისის მასშტაბით გაიყიდება. ეს არის ბაზრის ერთგვარი ტესტირება. ჩიფსი განსხვავებული ფორმის იქნება, უფრო მსხვილი და ტალღოვანი ჭრა ექნება”, - განაცხადა ირაკლი ქურდაძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

”ფრეკოს” დამფუძნებლის თქმით, კომპანიამ ჩიფსების წარმოებისთვის გაზაფხულზე სპეციალური ჯიშის კარტოფილი ჰოლანდიიდან ჩამოიტანა. მისივე თქმით, კარტოფილს დანამატები არ უკეთდება და მხოლოდ ჩიფსი გადის თერმულ დამუშავებას.

”ჰოლანდიური ჯიშები, რომლებიც ჩვენ ჩამოვიტანეთ, გამოირჩევა მშრალი მასის მაღალი და შაქრის დაბალი შემცველობით. არის წითელი შეფერილობის კარტოფილი, მრგვალი კარტოფილი, რომელიც ჩიფსების წარმოებაში გამოიყენება. გვაქვს 127 სახეობის ჯიში და აქედან ვტესტავთ, რომელი ჯიში გვიჩვენებს საუკეთესო შედეგს. პირველი სატესტო გაკეთებულია. კარტოფილს არ ვუკეთებთ დანამატებს მხოლოდ ჩიფსი გადის თერმულ დამუშავებას და შემარილებულია. ჩიფსს ხელოვნური დამატებები არ ექნება და მისი შენახვის ვადა სამიდან ექვს თვემდე იქნება”, - განაცხადა ”ფრეკოს დამფუძნებელმა ირაკლი ქურდაძემ.