როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი ცხოვრება: მუშაობის პროცესის მართვის ხუთი ეტაპი

ძირითადი პროცესი, რომელიც, ერთი მხრივ, სამუშაოს მართვას გაგიიოლებთ, მეორე მხრივ კი მოდუნებაში დაგეხმარებათ, ხუთი ეტაპისგან შედგება და გამოცდილებას ეფუძნება.

პირად ცხოვრებასა თუ სამსახურში რასაც უნდა ვაკეთებდეთ, რამხელა რესურსსაც უნდა ვახმარდეთ საქმეს, იმ ხუთი ეტაპიდან თითოეულის გავლა გვიწევს და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, სამზარეულოში ვფუსფუსებთ თუ ჩვენს კომპანიასთან დაკავშირებული საკითხებით ვართ დაკავებული. მართალია, "თვითორგანიზაციასა" და "პრიორიტეტების განსაზღვრასაც" არანაკლები მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ერთიცა და მეორეც თავისთავად არ არსებობს - ერთიც და მეორეც მხოლოდ და მხოლოდ მართვის იმ ხუთი ეტაპის გავლის შედეგია, ეტაპებისა, რომლებსაც მოგახსენებთ:

1) თავს ვუყრით ყველა საქმეს, რომელიც ჩვენს ყურადღებას იპყრობს;

2) განვსაზღვრავთ ამ საქმეთაგან თითოეულის მნიშვნელობას და ვიღებთ გადაწყვეტილებას, მასთან მიმართებაში როგორ მოვიქცეთ;

3) ვახარისხებთ შედეგებს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულ ალტერნატივებს წარმოადგენს;

4) განსჯის შედეგად ვაკეთებთ არჩევანს ალტერნატივებიდან რომელიმეს სასარგებლოდ;

5) გადავდივართ მოქმედებაზე.

აღნიშნულ ეტაპებს თითოეული ჩვენგანი გადის, როდესაც საქმის მართვასა და სტაბილიზაციას ვცდილობთ, თუკი მეგობრებისთვის ვახშმის მომზადება გაქვთ დაგეგმილი, შინ დაბრუნებულს კი სამზარეულოში ყველაფერი თავდაყირა გხვდებათ, რას აკეთებთ? - ალბათ, პირველ რიგში უადგილოდ დატოვებულ საგნებს გამოარჩევთ (თავმოყრა); იღებთ გადაწყვეტილებას, რა უნდა შეინახოთ და რა გადააგდოთ (განსაზღვრა); რაც შესანახია, ყველაფერს ინახავთ, რაც გადასაყრელია, სანაგვეში გადაუძახებთ, ხოლო რაც გასარეცხია, ნიჟარაში დებთ (დახარისხება); ამის შემდეგ რეცეპტების წიგნში იხედებით, ამოწმებთ, გაქვთ თუ არა ვახშმის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები და სამზარეულო მოწყობილობები (განსჯა) და, ვთქვათ, გასადნობად კარაქს ქვაბში ათავსებთ (მოქმედება).

კაცმა რომ თქვას, საკმაოდ სწორხაზოვანი მეთოდია, რომელსაც თითოეული ჩვენგანი მიმართავს, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ადამიანთა უმეტესობას ხუთი ეტაპიდან თითოეულის საგრძნობლად უკეთესად გამოყენება და მუშაობის ყველაზე სუსტი რგოლის განსაზღვრა შეუძლია. შესაბამისად, აუცილებელია ყველა რგოლის ინტეგრირება და მდგრად სტანდარტებთან მათი შესაბამისობაში მოყვანა...

ადამიანთა დიდ ნაწილს სწორედ ე. წ. თავმოყრის (1) ეტაპზე ექმნება პრობლემა. ისინი ვერაფრით ახერხებენ სხვადასხვა ვალდებულების თავიდან ამოგდებას.

ხშირია ისეთი შემთხვევაც, როდესაც ადამიანი უამრავ რამეს უყრის თავს, მაგრამ ვერ ახერხებს, ზუსტად განსაზღვროს (2), თუ რაში მდგომარეობს ესა თუ ის ვალდებულება, ანდა ვერ იღებს გადაწყვეტილებას, გადადგას საჭირო ნაბიჯი. სად არ გადააწყდებით გასაკეთებელი საქმეების სასხვათაშორისოდ შედგენილ ჩამონათვალს: ზოგი მაცივარზე აწებებს ჩანაწერს, აქაოდა, ესა და ეს საქმე მაქვს გასაკეთებელიო, ზოგი კომპიუტერში ინიშნავს, ზოგია სულაც შეხსენების ელექტრონულ საშუალებებს მიმართავს, მაგრამ არც ერთ მათგანს არ იყენებს და ბრალოდ, დიდ თუ მცირე ვალდებულებაზე აკვიატებულ ფიქრს თავიდან ვერაფრით იშორებს, რაც ხშირად კიდევ უფრო დიდი სტრესის საბაბი ხდება.

გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებსაც დროის კონკრეტულ მონაკვეთში რაიმე საკითხის გადასაჭრელად, საკმაოდ კარგი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ, მაგრამ იმის გამო, რომ შედეგების გონივრულ, რაციონალურ დახარისხებას (3) ვერ ახერხებენ, მათი ნააზრევი ფასს კარგავს.

ადამიანებს გამუდმებით უღრღნის გულს განცდა, რომ არ აკეთებენ იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ, რომ პოტენციურად მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის "დრო არა აქვთ". სწორედ ამიტომ ეცლებათ მათ ხელიდან აზრიანი მოქმედების მარადიული შეგრძნება, რომელშიც სტრესისაგან თავისუფალი ნაყოფიერების არსი მდგომარეობს.

აღნიშნული ხუთი ეტაპის ოპტიმალური ეფექტურობის მისაღწევად მათი დინამიკის, ასევე სათანადო მეთოდების გააზრებაა აუცილებელი. ჩემი აზრით, დღის განმავლობაში ამ ეტაპებიდან თითოეულის ცალ-ცალკე გამოყოფა აუცილებელი თუ არა, საჭირო მაინც არის. ჩემთვის ახლა უკვე გასაგებია, თუ რატომ არ შეუძლია ადამიანთა დიდ ნაწილს თვითორგანიზება. ისინი, უბრალოდ, ხუთივე ეტაპის ერთდროულ გავლას ცდილობენ. მათი უმეტესობა გასაკეთებელი საქმეების ჩამონათვალსაც ადგენს, უმნიშვნელოვანესი რამეების თავმოყრასაც იმგვარად ცდილობს, რომ პრიორიტეტებისა და თანამიმდევრობის მომენტი არ გამორჩეს მხედველობიდან, თუმცა რეალურად შესასრულებელი მოქმედებებიდან ბევრის განხორციელებას მეტისმეტად აგვიანებს. არადა, გულში თუ გაგკრათ, რომ თქვენი თანაშემწის დაბადების დღისთვის საჩუქრის ყიდვა არც ისე მნიშვნელოვანი საქმეა და ამაზე სხვა დროს დაფიქრდებით, იცოდეთ, რომ საკუთარი ფეხით უვარდებით ხახაში ურჩხულს, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი ამოცანებისაკენ მისამართ ძალ-ღონესა და ყურადღებას აუცილებლად წაგართმევთ.

ნაწყვეტი წიგნიდან : დევიდ ალენი - საქმესთან გამკლავების ხელოვნება