Rolls-Royce-ის საფლაგმანო მოდელის ფასი 520 ათასი დოლარიდან დაიწყება (+ვიდეო))

ულტრა-მდიდრული კლასის ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია Rolls-Royce-მა განახლებული Phantom წარმოადგინა. უმაღლესი ხარისხის მასალებით შესრულებული ავტომობილის წარმოება კომპანიის ბრიტანეთში მოქმედ ქარხანაში იგეგმება და ის თავის დამოუკიდებელ ალუმინის პლატფორმაზე აეწყობა (BMW Group-ის შემადგენლობაში მყოფი ბრენდი აქამდე ავტომობილებს მფლობელი კომპანიის მიერ მოწოდებული ნაწილებისგან აწყობდა.)

ახალი თაობის მოდელში შეცვლილია ბევრი რამ, მათ შორის მთავარი სიახლე მისი თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემით აღჭურვაა. რაც შეეხება ძრავს, ფლაგმანი მიიღებს 6.75 -ლიტრიან V12 ბიტურბირებულ აგრეგატს, რაც 2625-კილოგრამიან ავტომობილს 563 ცხენის ძალას შესძენს. მას 100 კილომეტრამდე ასაჩქარებლად მხოლოდ 5,2 წამი დასჭირდება.

მერვე თაობის საფლაგმანო მოდელი რიგით მეორე იქნება, რომელსაც ბრიტანული კომპანია მისი მფლობელი კომპანიის BMW Group-ის ქოლგის ქვეშ აწარმოებს. აქამდე მოქმედ მოდელს BMW Group უკვე 14 წელია აწარმოებდა. სიახლე მისი წინამორბედისგან ზომებითაც განსხვავდება, ის 8მმ-ით მაღალი, 29მმ-ით განიერი და 77მმ-ით მოკლეა.

ავტომობილის გაყიდვები მომავალი წლის დასაწყისიდან იგეგმება და მისი ფასი 520 ათასი დოლარიდან დაიწყება.

კოკა კვირკველია

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე