რა არის ნეთვორქინგი და რატომ არის წარმოუდგენელი კონტაქტების გარეშე მუშაობა

ნეთვორქინგი თანამედროვე სიტყვაა, რაც კავშირების დამყარებას ნიშნავს. უფრო ზუსტად კი, ისეთ ხალხთან კონტაქტს, რომლებსაც აქამდე არ შეხვედრიხართ, მაგრამ შესაძლოა, ისინი სამსახურის პოვნაში დაგეხმარონ. ნეთვორქინგის იდეა მარტივ პრინციპზეა დამყარებული: ნაცნობებისგან უფრო ადვილად მიიღებთ დახმარებას, ვიდრე უცნობებისგან, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ნაცნობი უნდა შეიძინოთ თქვენთვის საინტერესო სფეროში.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია სამსახური პირადი კავშირების გარეშეც იპოვოთ და მხოლოდ კავშირები არ არის საკმარისი სამსახურის საშოვნელად. კავშირებთან ერთად, აუცილებელია იმის დემონსტრირება, რომ საქმის კეთება შეგიძლიათ.

თუმცა, კავშირები მაინც მნიშვნელოვანია. გამოთვლებმა აჩვენა, რომ პოზიციათა 70-80% ადამიანებს ნაცნობების მეშვეობით აქვთ დაკავებული: ვაკანსიის შესახებ მათ ნაცნობმა ან ნაცნობის ნაცნობმა შეატყობინა.

ამიტომაა ნეთვორქინგი აუცილებელი. რაც უფრო დიდია თქვენი პირადი კავშირების ქსელი, მით უფრო დიდია შანსი, დროულად შეიტყოთ ვაკანსიების შესახებ. აგრეთვე გამოგადგებათ ონლაინკავშირების დამყარება ჩეთის საშუალებით.

იპოვეთ თქვენთვის საინტერესო სფეროსთან დაკავშირებული ჩეთი და მიიღეთ მონაწილეობა ცოცხალ დისკუსიებში ექსპერტებთან და საკითხით დაინტერესებულ პირებთან.

ნეთვორქინგი არც ისე ძნელია, როგორც თქვენ ფიქრობთ

შესაძლოა, ნეთვორქინგი თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გიჭირთ იმის წარმოდგენა, როგორ უნდა სთხოვოთ დახმარება უცნობ ადამიანებს. მაგრამ კავშირების დამყარება ისეთი ძნელი არ არის, როგორიც ბრამსის ნაწარმოების ფორტეპიანოზე შესრულება; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კავშირების დამყარება თქვენგან განსაკუთრებულ ნიჭს და ვარჯიშს არ მოითხოვს.

ყველაზე მთავარი, რაც ნეთვორქინგისთვის არის აუცილებელი, თქვენი მხრიდან კავშირების დამყარების სურვილია. ნუ მისცემთ შიშსა და უხერხულობას უფლებას, წაგართვათ ისეთი ხალხის გაცნობის შანსი, რომლებიც თქვენს დახმარებას შეძლებენ. მზად იყავით იმისთვისაც, რომ ყველა პიროვნება, ვის გაცნობასაც შეეცდებით, შეიძლება არ იყოს ისეთი მეგობრული, როგორც ეს თქვენ წარმოგედგინათ.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ამ დროს მოხდეს, იქნება ის, რომ ადამიანს, ვის გაცნობასაც ცდილობთ, არ აღმოაჩნდეს თქვენი დახმარების სურვილი. ეს არის და ეს. ზოგადად, რაშიც თავადვე დარწმუნდებით, ხალხი დახმარებისთვის მზად იქნება და შეეცდება რამეში გამოგადგეთ.

გახსოვდეთ, რომ საკმარისია დაურეკოთ ან ჩამოსართმევად ხელი გაუწოდოთ თქვენთვის ჯერ კიდევ უცნობ ადამიანს და თქვენი კონტაქტების ქსელი გაფართოებას დაიწყებს.

როგორ დავიწყოთ კავშირების დამყარება

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ყველაზე ადვილი ნეთვორქინგის საწყისი ეტაპია. გჭირდებათ მხოლოდ საწერი საშუალება სახელებისა და საკონტაქტო ინფორმაციის ჩასანიშნად.

მივყვეთ თანამიმდევრობით. სანამ სახელების ჩაწერას შეუდგებით, დაფიქრდით, რისთვის გჭირდებათ ეს ადამიანები. პასუხი ნათელია: მათ თქვენი დახმარება შეუძლიათ, მაგრამ კონკრეტულად რას გულისხმობთ დახმარებაში?

ეს რომ განსაზღვროთ, გაარკვიეთ, რისი შემოთავაზება შეუძლია თითოეულ მათგანს:

შეუძლია ახლავე შემოგთავაზოთ სამსახური.

შეიძლება სამომავლოდ შემოგთავაზოთ სამსახური.

შეიძლება გაგაცნოთ პოტენციური დამსაქმებელი.

შეიძლება შეგატყობინოთ ვაკანსიების შესახებ.

შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტულ პიროვნებაზე ან კომპანიაზე, რომელსაც გასაუბრების დროს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. რაოდენობა და ხარისხი – ორივე მნიშვნელოვანია, როცა საქმე კონტაქტების ქსელის განვითარებას ეხება. პრაქტიკულად რომ მივუდგეთ, ნეთვორქინგის დროს თქვენი დრო და ენერგია რაციონალურად უნდა გადაანაწილოთ. რაც უფრო "ხარისხიანია" თქვენი კონტაქტი, მით მეტი ძალისხმევა უნდა დახარჯოთ მასთან კავშირზე. მეორე მხრივ, არ არის საჭირო იდეაფიქსად გაიხადოთ რომელიმე კონკრეტულ პირთან კავშირი და ყურადღება მოაკლოთ სხვა კონტაქტებს.

ეცადეთ დააბალანსოთ, თუ რა რაოდენობის ხალხი გყავთ თქვენს საკონტაქტო ქსელში 

ნაწყვეტი წიგნიდან: სამუშაოს ძებნა მარტივად